ხვიჩა კვარაცხელია: „უბრალოდ საკუთარი თავის უნდა ვირწმუნოთ“

0
12

პსჟ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ უპასუხა კითხვას თუ რამდენად რთულია ჩემპიონთა ლიგაში ტიტულის შენარჩუნება.
„ვფიქრობ, ეს მართლაც რთულია, რაც უკვე ვნახეთ. ბევრი შეხვედრა ჩავატარეთ, სადაც ბოლომდე ვიბრძოლეთ და რამდენიმე ძალიან ძლიერი გუნდი დავამარცხეთ. ცხადია, ძნელია, მაგრამ ბევრი მაღალი დონის მოთამაშე გვყავს.
ჩვენს გუნდში არიან ფეხბურთელები, რომელთაც ყველაფერი შეუძლიათ. ამიტომ, უბრალოდ საკუთარი თავის უნდა ვირწმუნოთ და ყველაფერი გავიღოთ, რათა ეს ტიტული მოვიგოთ“ – იუწყება საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის ნათქვამს პსჟ-ს ოფიციალური ვებგვერდი.
კკვარაცხელიამ 2025-2026 წლების სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში 28-ჯერ ითამაშა – 8 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა. მან საფრანგეთის თასზე ერთი შეხვედრა გამართა.
ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 15 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. მან პლეი-ოფში 8-ჯერ ითამაშა და 7 გოლის (2 დუბლი) გატანის გარდა, 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. ის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ერთ გათამაშებაში პლეი-ოფის ზედიზედ 7 შეხვედრაში საგოლე მოქმედება შეასრულა. ის ჩემპიონთა ლიგის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ოთხჯერ დაასახელეს. მან საკონტინენტთაშორისო თასზე ერთხელ იასპარეზა და ერთი გოლი შეაგდო. გარდა ამისა, კვარაცხელიამ ერთხელ ევროპის სუპერთასზე იასპარეზა.
ხვიჩამ, რომელიც პსჟ-ს 2025 წლის იანვარში შეუერთდა, გუნდთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი ორჯერ, ხოლო საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკონტინენთაშორისო თასი თითოჯერ მოიგო. მან ასევე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სადაც პსჟ ლონდონის „ჩელსისთან“ დამარცხდა.
30 მაისს პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონის „არსენალს“ შეხვდება.
ლაშა თაბაგარი