ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა. პსჟ-მ, რომლის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანია, ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალში შინ „ბაიერნს“ 1:0 აჯობა, ხოლო სტუმრად დაუზავდა – 1:1. ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ქართველებიდან ყველაზე მეტჯერ (სამჯერ) ახა კალაძეს უთამაშია „მილანთან“ ერთად, მაგრამ მიჯრით არცერთხელ.
მიუნხენში ჩატარებულ შეხვედრას რაც შეეხება, მე-3 წუთზე მოედნის ცენტრში კვარაცხელიამ „კედელი“ ფაბიან რუისთან გაითამაშა და საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა პასი უსმან დემბელეს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 0:1. ხვიჩამ მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 15 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. მან პლეი-ოფში 8-ჯერ ითამაშა და 7 გოლის (2 დუბლი) გატანის გარდა, 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. ის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ერთ გათამაშებაში პლეი-ოფის ზედიზედ 7 შეხვედრაში საგოლე მოქმედება შეასრულა.
პირველი ტაიმის მიწურულს მუსიალამ დაარტყა სახიფათოდ პსჟ-ს კარში, მაგრამ მეკარე საფონოვმა გუნდი გადაარჩინა. 56-ე წუთზე პარიზელთა შეტევა დუემ ძლიერი დარტყმით დაასრულა და ნოიერმა დამაჯერებლად ითამაშა. ერთ წუთში კვარაცხელიამ გერმანელთა საჯარიმოში ფინტით უპამეკანო ჩამოიცილა და მარცხენა ფეხით დაარტყა, ხოლო ნოიერმა რთული ბურთი მარცხენა ფეხით მოიგერია.
ამის შემდეგ, კვარაცხელიამ ბურთი მეტოქის ნახევარზე ჩაჭრა და სამ მცველს შორის კარგად გაერკვა, რის შემდეგ პასი საჯარიმოში დუეს მისცა, რომელსაც მასპინძელთა მეკარემ აუღო. ცოტა ხანში, ხვიჩა საუცხოო დრიბლინგით „ბაიერნის“ საჯარიმოში შეიჭრა, თუმცა, დამაგცირგვინებელი დარტყმა ვერ შეასრულა. 64-ე წუთზე ლუის დიასი ორ მეტოქეს გაექცა და ბურთი კარში გაგზავნა, მაგრამ საფონოვმა ისევ იყოჩაღა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე ალფონსო დევისმა სტუმართა საჯარიმოში ჰარი კეინი მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი გაისწორა და მეორეთი „ცხრიანში“ შეაგდო.
პსჟ პირველი ფრანგული გუნდია, რომელიც ჩემპიონთა თასის/ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა. გარდა ამისა, პსჟ პირველი ფრანგული გუნდია, რომელიც ჩემპიონთა თასის/ ჩემპიონთა ლიგის ფინალში სამჯერ ითამაშებს – „მარსელი“ და „რეიმსი“ ფინალში ორ-ორჯერ იყვნენ.
პარიზელები 30 მაისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში „პუშკაშ არენაზე“ ფინალში ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდებიან, რომელსაც მიკელ არტეტა წვრთნის. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად ერთმანეთს ფრანგული და ინგლისური კლუბები დაუპირისპირდებიან. ამასთანავე, პირველად მოხდება, რომ ერთმანეთს ევროპის ყველაზე პრესტიჟულს საკლუბო თასს ესპანელი მწვრთნელები შეეცილებიან.
ლაშა თაბაგარი





