საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველ ნიკოლოზ დადიანის აზრით, ყველაფერი გააკეთეს, რომ ლატვიასთან გაემარჯვათ. მან ამის შესახებ ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მე-6 ტურში ქუთაისში „რამაზ შენგელიაზე“ ბალტიისპირელებთან 1:1 დასრულებული მატჩის შემდეგ განაცხადა. განვლილ შეხვედრაში ჩვენი გუნდიდან გოლი როტერდამის „ექსელსიორის“ ნახევარმცველმა ირაკლი ეგოიანმა გაიტანა.
ნიკოლოზ დადიანი: „საკმაოდ დიდი უპურატესობა გვქონდა, მაგრამ კაცის გაგდების შემდეგ უკან დავიხიეთ. მეტოქემაც შეგვიტია და სამწუხაროდ გოლი გავუშვით. ამის მიუხედავად არ დავნებდით და ანგარიში გავათანაბრეთ. ყველამ ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ თამაში მოგვეგო. დარწმუნებილი ვარ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 31 მარტს გავიმარჯვოთ და გულშემატკივრებს სანახაობაც მოვუწყოთ“.
ირაკლი ეგოიანი: „რთული თამაში გამოვიდა, რადგან წითელი ბარათი მივიღეთ და 10 კაცი ვიყავით. თუმცა, მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ. ერთად წინ უნდა დავიდეთ და მალტასთან თამაში მოვიგოთ“.
საქართველოს ნაკრები, რომელსაც 6 ქულა აქვს F ჯგუფში მე-4 ადგილზეა. ჯგუფში პირველ ადგილზე 18 ქულით საბერძნეთია, გერმანია 15 ქულით მესამეა, ჩრ.ირლანდია 7 ქულით მესამეა. ლატვია 4 ქულით მეხუთეა, ხოლო უქულო მალტა ბოლოა. ჩვენი ახალგაზრდული 31 მარტს ქუთაისში მალტას უმასპინძლებს.
ლაშა თაბაგარი





