თბილისის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე მესამე ამხანაგური თამაში უზბეკეთის ნამანგანის „ნავბახორთან“ ჩაატარა, რომელიც 1:1 დასრულდა.
დინამოელებმა ანგარიში მე-13 წუთზე გახსნეს, როდესაც მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა პორტუგალიელმა ახალწვეულმა რუი მონტეირუმ მცველებს დაასწრო და ერთი შეხებით „ცხრიანში“ გაიტანა. უზბეკებმა საპასუხო ბურთი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე შეაგდეს. ვლადიმერ კაკაშვილის ხელმძღვანელობით ზედიზედ ორი სპარინგის წაგების მერე, „დინამომ“ შეკრებაზე პირველი ფრე დააფიქსირა.
თბილისელებმა ასეთი სასტარტო შემადგენლობით ითამაშეს: ლორია, გვასალია, კურდიჩი, უგრეხელიძე, ს. ხარებაშვილი, ნინუა, ოსეი, იორო, გ. ხარებაშვილი, მონტეირუ, სირაძე.
სათადარიგოები: მაქაცარია, ლომიძე, დიაკონიძე, სანტუში, ნჯიე, წულაია, ადუაშვილი, ხალიფა.
„ნავბახორში“ ორმა ქართველმა მცველმა ითამაშა – ყოფილმა ტორპედოელმა ანრი ჭიჭინაძემ და გიორგი ჯგერენაიამ, რომელიც „იბერიადან“ უზბეკურ კლუბს მიმდინარე თვეში შეუერთდა.
“დინამო” ბოლო ამხანაგურ შეხვედრას 17 თებერვალს ყაზახეთის “კასპიისთან” ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





