ბორჯღალოსნებმა 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, ნიდერლანდებს ამსტერდამში 9 ლელო გაუტანეს, 61:12 დაამარცხეს და თასის ნახევარფინალში თამაში დაიბევეს.
თასის ნახევარფინალის საგზური დაბევებული აქვს ესპანეთსაც, რომელმაც საქართველოს მსგავსად ნიდერლანდებსაც და შვეიცარიასაც ბონუს ქულით-აჯობა და ჩვენს გუნდს გატანილ-გაშვებული ქულებით ჩამორჩება. შედეგად, 21 თებერვალს, ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, „ავჭალაზე“ სწორედ საქართველო და ესპანეთი გაარკვევენ ა ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობას, რაც მოგებულ გუნდს ნახევარფინალში მასპინძლის სტატუსს მოუპოვებს, მეორეადგილოსანი კი პორტუგალიას, რომელმაც ბ ჯგუფში პირველობა უკვე დაიბევა, 7 ან 8 მარტს სტუმრად შეერკინება.
შვეიცარიასთან 54:3 გამარჯვების შემდეგ, საქართველომ ნიდერლანდებთან უკეთესი თამაშის ხარისხი აჩვენა. გამოსწორებული იყო დერეფანში თამაში და რამდენჯერმე მეტოქის დერეფანიც წამოვიღეთ. მასპინძლები სრულად დავჯაბნეთ შერკინებასა და კონტაქტის არეში, რამდენჯერმე კი უკანა ხაზითაც უნარიანად შევუტიეთ და ლამაზი ლელოები გავიტანეთ.
ნიდერლანდებთან პირველი სანაკრებო კეპი მოიპოვა მამუკა მსტოიანმა, რომელიც თამაშში მარქაფიდან ჩაერთო და ეს ღირშესანიშნავი მოვლენა გატანილი ლელოთი აღნიშნა. მეტოქეს ორ-ორი ლელო გაუტანეს გელა აფრასიძემ და ლუკა მატკავამ, თითო-თითოჯერ გამოიჩინეს თავი ლუკა ივანიშვილმა, ბაჩუკი ჭუმბაძემ, ოთარ მეტრეველმა და გიორგი შველიძემ, რასაც მატკავამ 8 გარდასახვით 16 ქულა შემატა.
მატჩის დებიუტში სინბინით (10 წუთით) დავით ლაგვილავა დავკარგეთ, რომელმაც ჯარიმის სწრაფად გათამაშების შემდეგ 10-მეტრიანი წესი დაარღვია. მიუხედავად ამისა ანგარიშში მე-11 წუთზე დავწინაურდით. 22-მეტრიანის ხაზთან რაქიდან ლუკა გოგინავამ შეუტია, ხელის კვრით მბოჭავი ჩამოიცილა, ბოლო მცველი აიყავა და ლელოში გელა აფრასიძე შეუშვა, მატკავამ კი გარდასახა. მასპინძლებმა სწრაფად გვიპასუხეს, მათმა მგეზავმა ვუკას მეიჯერმა ხაზი გაჭრა და ბურთი ტიმ დე იონგს გაატანა, რომელიც 5-მეტრიანში კი შევაჩერეთ, მაგრამ გრძელი გადაცემის შემდეგ სემ ვერპლანკემ დაუცველ ფრთაზე ლელო უპრობლემოდ გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო.
თამაში რომ განახლდა 5-მეტრიანი დერეფნის შემდეგ მოლით შევუტიეთ, რომელმაც სწრაფად დაფარა ლელომდე დარჩენილი მანძილი და ლუკა ივანიშვილმა 5 ქულა მიითვალა. 31-ე წუთზე ნიდერლანდელებმა 22-იდან ბურთი ფეხით გამოიტანეს, დაჩი პაპუნაშვილმა კონტრშეტევაზე ხაზი გაჭრა და 22-ში შევიდა, რამდენიმე დარტყმის შემდეგ მატკავამ ბურთი ფეხით შეიცურა და ლელოში თავადვე დაამიწა.
ტაიმის ბოლოს ბურთი მეტოქის დერეფანში მოვიპოვეთ, მატკავას გრძელი გადაცემის შემდეგ გიორგი შველიძემ ხაზი გაჭრა, მცველი აიყვანა და ოვალი მატკავას გაატანა, რომელმაც ცრუმოძრაობით ბოლო მცველი ჩამოიშორა და თავისი მეორე ლელო გაიტანა. ლუკას პირველ ტაიმში გარდასახვებიდან 100%-იანი მაჩვენებელი ქონდა – 28:5.
მეორე ტაიმში პირველი ლელო მასპინძლებმა გაიტანეს. გრძელი გადაცემის შემდეგ სვიერს ფრთაზე დიდი სივრცე დარჩა, მბოჭავს გაექცა და ლელოში შევიდა, მეიერმა კი გარდასახა. ამის შემდეგ ბორჯღალოსნები სრულად დაეუფლნენ უპირატესობას და დარჩენილ 30 წუთში 5 ლელო გაიტანეს.
გაშვებული ლელოდან ორ წუთში, 10-მეტრიან წყვეტილთან ხაზი აკაკი ტაბუცაძემ გაჭრა, აჩქარდა და ბურთი ფეხით გადაკიდა, რომელსაც ლელოში აფრასიძე დაეუფლა და თავისი მეორე ლელო გაიტანა. 58-ე წუთზე, ბაჩუკი ჭუმბაძის კარგი წინსვლის შემდეგ, შეცვლაზე 8 წუთის შესულმა მსტოიანმა მძლავრად შეუტია და თავისი სადებიუტო ლელო გაიტანა.
72-ე წუთზე 5-მეტრიანი შერკინების შემდეგ იოანე იაშაღაშვილს ლელომდე სულ ცოტა დააკლდა, რაქიდან ბურთი ბაჩუკი ჭუმბაძეს მიუვიდა, რომელმაც მძლავრად შეუტია და მეორე სანაკრებო მატჩში თავისი პირველი ლელო გაიტანა. ორ წუთში თედო აბჟანდაძემ კონტრშეტევაზე წამოიღო ბურთი, კარგად იარა და ის ლელოში ოთარ მეტრეველს შეაყოლა, რომელმაც მეორე თამაშში მეორე ლელო გაიტანა. გაწითლებულ დროზე სწრაფი ხელდახელ შეტევა გიორგი შველიძის ლელოთი დასრულდა, რომელმაც ასევე თავისი პირველი სანაკრებო ლელო გაიტანა, მატკავამ კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 61:12.
ამრიგად, საქართველომ ორი ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმი (10) მოაგროვა და ესპანეთს გატანილ-გაშვებული ქულებით ჯობნის.
2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი
ა ჯგუფი. II რაუნდი. 15 თებერვალი (კვირა)
ნიდერლანდები. ამსტერდამი. „რაგბის ნაციონალური ცენტრი“.
საქართველო – ნიდერლანდები 61:12 (28:5)
საქართველო
ხაზი: 15. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი შველიძე (ბრივი), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 11. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (ოიონა), 9. გელა აფრასიძე (პერპინიანი);
შერკინება: 1. ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. დავით ლაგვილავა (პერპინიანი), 6. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).
მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. მამუკა მსტოიანი (აჟენი), 18. ბაჩუკი ჭუმბაძე (ექსეთერი), 19. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 20. ანდრო დვალი (პერპინიანი), 21. იოანე იაშაღაშვილი (მონ დე მარსანი); 22. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 23. თედო აბჟანდაძე (ორიაკი).
9 ლელო: აფრასიძე (1, 5), ივანიშვილი, მატკავა (3, 4), მსტოიანი, ჭუმბაძე, მეტრეველი, შველიძე
8 გარდასახვა: მატკავა
rugby.ge





