თბილისის “დინამოს” რიგებს 26 წლის ტუნისელი ფორვარდი იედ ჰაჯი ხალიფა შეუერთდა. ფეხბურთელსა და დედაქალაქური კლუბს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. მანამდე, ხალიფა სამშობლოში “ტატუინის”, “რადეზის”, “მონასტირის” და “ბენ ჟერდანის” ღირსებას იცავდა.
“დინამო” ახალი სეზონისთვი მზადებას განაგრძობს. გუნდმა მოსამზადებელი ეტაპის პირველი ნაწილი თბილისში დაასრულა. ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილებმა სამი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს – სტუმრად “რუსთავთან” 1:2 წააგეს, შინ სართიჭალის “შტურმი” 2:0 დაამარცხეს, ხოლო წყალტუბოს “სამგურალთან” 1:1 ითამაშეს.
ხვალ დილა “დინამო” ანთალიაში გაფრიდნება, სადაც 18 თებერვლამდე ივარჯიშებს და 5 ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს.
დინამოელები 7 თებერვალს დონეცკის “შახტარს” შეხვდებიან, 10 თებერვალს ლატვიის “აუდას”, 13 თებერვალს უკრაინის “ვერესს”, 16 თებერვალს უზბეკეთის “ნოვბახორს”, 17 თებერვალს კი – ყაზახეთის “აქტაუს”.
კაკაშვილის გუნდი 19 თებერვლიდან თბილისში გააგრძელებს მზადებას, ხოლო ჩემპიონატის პირველ ტურში, 1 მარტს, ბათუმის “დინამოს” უმასპინძლებს.
ლაშა თაბაგარი





