ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, და საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი მოედანზე 8-10 დღეში დაბრუნდება. ამის შესახებ პარიზელთა პრესსამსახური იუწყება. ჩემპიონთა ლიგის ფაზის დასკვნით მე-8 ტურში პსჟ თავის მოედანზე ინგლისის „ნიუკასლს“ დაუზავდა. სასტარტოში მყოფ კვარაცხელიას მატჩის მე-20 წუთზე უკნიდან ფეხებში ელანგა ჩაუვარდა და კოჭი დაუზიანა. კვარაცხელიამ მოედანი ექიმების დახმარებით ისე დატოვა, რომ მარჯვენა ფეხს მიწაზე ვერ ადგამდა. მანამდე, ხვიჩამ მე-8 წუთზე საგოლე პასი ვიტინიას გაუკეთა.
24 წლის კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ 16 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. მან საფრანგეთის თასზე ერთი შეხვედრა გამართა. ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე ხვიჩამ 7 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ლაშა თაბაგარი





