კიტეიშვილის „შტურმმა“ როტერდამში წააგო

0
22

გრაცის „შტურმი“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კიტეიშვილია, ევროპა ლიგის ფაზის მე-7 ტურში სტუმრად როტერდამის „ფეინოორდს“ შეხვდა და სამბურთიანი სხვაობით დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და მეორე ტაიმში მეტოქის კარში სახიფათოდაც დაარტყა, მაგრამ საერთო ჯამში „ფეინოორდს“ აშკარა უპირატესობა ჰქონდა, რაც ტაბლოზეც აისახა,
მატჩის მე-5 წუთზე მასპინძლებმა კუთხური ჩააწოდეს და ვატანაბემ თავით ანგარიში გახსნა – 1:0. 68-ე წუთზე როტერდამელთა კონტრშეტევის დროს მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ჰაჯ მუსამ ძლიერი დარტყმით გრაცელთა მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა. 90-ე წუთზე ბორჟესმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0.
„შტურმი“ 4 ქულით ევროპა ლიგის ფაზის 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში 31-ე ადგილზეა და პლეი-ოფში გასვლის შანსი ჯერ კიდევ გასულ წელს დაკარგა. ავსტრიის მოქმედი ჩემპიონი ტურნირის ამ სტადიაზე ბოლო შეხვედრას 29 იანვარს სტუმრად იტალიის „რომასთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი