“შავი ლომი” ჩელენჯ თასის გათამაშებას გამოეთიშა

0
6

შავმა ლომმა’ ჩელენჯ თასის 2025/26 წლების სეზონი დაასრულა. მეოთხე ტურში მან იტალიურ ‘ძებრეს’ „ავჭალაზე“ უმასპინძლა თანაბარ მატჩში გამარჯვებაც შეიძლებოდა, მაგრამ ბონუს-ქულისთვის იბრძოლა და ამან შედეგი ვერ მოიტანა – 14:28.
ამ გადაწყვეტილებას ლოგიკური მიზეზი ქონდა – იმისათვის, რომ ფლეი ოფში გავსულიყავით, აუცილებელი იყო 4 ლელო გაგვეტანა და გუნდმაც სამართლიანად გარისკა, მაგრამ უფრო გამოცდილმა მეტოქემ თავი დაიცვა და დასკვნით წუთებში საკუთარი შესაძლებლობები გამოიყენა. შედეგად, ჩელენჯ თასის მესამე სეზონიც ჩვენმა გუნდმა ერთი გამარჯვებით დაასრულა და ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებას უკვე მომავალ სეზონში ეცდება.
თამაში მასპინძლების შეტევებით დაიწყო, მეტოქე ზედიზედ ორჯერ დაჯარიმდა, რასაც 5-მეტრიანი დერეფნიდან აგორებული მოლი და ირაკლი ქვათაძის ლელო მოყვა, ლუკა ცირეკიძემ კი გარდასახა. ამის შემდეგ ‘ძებრე’ გააქტიურდა და სახიფათოდ შემოგვიტია. სანდრო თოდუასა და გიორგი ცუცქირიძის ბოჭვამ, ასევე მორკინალების თავგანწირულმა თამაშმა რამდენიმე ეპიზოდში აშკარა ლელოსგან გვიხსნა, თუმცა მე-17 წუთზე ხუან-მანუელ პიტინარიმ მაინც შეძლო ძალისმიერი ლელოს გატანა და ჯაკომო და რემ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა.
ვასილ კაკოვინის სინბინის შემდეგ იტალიელებმა 32-ე წუთზე რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვეს და ამით შემდეგ ეპიზოდში ისარგებლეს – ამჯერად მოლის შემდეგ ძალისმიერი ლელო მეორე ბურჯმა მუჰამედ ჰასამ შეიტანა და რთული პოზიციიდან გარდასახვაც ზუსტი იყო. დასკვნითმა წუთებმა ‘შავი ლომის’ შეტევებში ჩაიარა, ‘ძებრე’ ზედიზედ რამდენჯერმე დაჯარიმდა და სინბინით დაისაჯა, რასაც 5-მეტრიანში ბურთის გათამაშება და ქვათაძის მეორე ლელო მოყვა. ცირეკიძემ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა.
მეორე ტაიმის პირველმა 20-მა წუთმა ‘შავი ლომის’ შეტევებში ჩაიარა. მეტოქის 22-ში დიდი დრო გავატარეთ, რამდენიმე ეპიზოდში ჯარიმა კარში არ დავარტყით და 55-ე წუთზე კახაბერ დარბაიძე ლელოშიც შევიდა, მაგრამ მსაჯმა დამიწება ვერ დააფიქსირა, მიხეილ ბაბუნაშვილს კი მიზნამდე სანტიმეტრები დააკლდა.
59-ე წუთზე ‘ძებრე’ სინბინით დაისაჯა და 10 წუთით რიცხობრივ უპირატესობაში დავრჩით, მაგრამ სწორედ ამ დროს მეტოქემ შეძლო შედეგიანი შეტევის განხორციელება, ფეხით გადაკიდებული ბურთი მათდა სასიკეთოდ ასხლტა და ლორენცო პანიმ ძელებსშუა ლელო გაიტანა. დასკვნითმა წუთებმა უშეღავათო ბრძოლაში ჩაიარა, ‘ძებრემ’ კვლავ მოახერხა თავის დაცვა, ბოლო წუთზე კი დე რემ მეოთხე ლელო გაიტანა და მეტოქემ 28:14 გაიმარჯვა.
„ძალიან მაგრად ვიბრძოლეთ და სამწუხაროა რომ წავაგეთ. ჩვენ ვითამაშეთ ბონუს-ქულით გამარჯვებაზე და ჯგუფიდან გასვლაზე. იყო მომენტი, როდესაც შეგვეძლო მარტივი 3 ქულის აღება და უბრალოდ გამარჯვება, მაგრამ ეს არ იყო ჩვენი მიზანი – ჩვენ ბონუსით მოგება გვჭირდებოდა. ეს ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ვსწავლობთ და გამოცდილებას ვიძენთ“ – განაცხადა ნამატჩევს გუნდის კაპიტანმა მიხეილ ბაბუნაშვილმა.
2025/2026 წლების ჩელენჯ თასი
პირველი ჯგუფი. მეოთხე ტური
17 იანვარი. შაბათი.
თბილისი. „ავჭალა“. 17:00 საათი
შავი ლომი (საქართველო) – ძებრე (იტალია) 14:28 (14:14)
შავი ლომი
ხაზი: 15. შალვა აფციაური, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1.ვასილ კაკოვინი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე.
მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. კახაბერ დარბაიძე, 19. გუგა ღანიაშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი სპანდერაშვილი, 22. ზაურ ლუტიძე, 23. რომა მახათაძე.
2 ლელო: ქვათაძე
2 გარდასახვა: ცირეკიძე