ირაკლი ეგოიანმა „ექსელსიორის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ნიდერლანდების ერედივიზიონში თავისი მესამე გოლი გაიტანა. მე-19 ტურში „ექსელსიორი“ შინ „ტელსტარს“ შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ 0:2 აგებდა, ქულა მაინც გადაარჩინა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, სტუმრებიდან ანგარიში ვან დე კამპმა გახსნა, ხოლო ხუთ წუთში როსენმა „ექსელსიორის“ კარი მეორედ აიღო. 75-ე წუთზე სტუმართა მეკარის მოგერიებული ბურთი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა ერთი შეხებით დაახლოებით 16 მეტრიდან ბადეში გაახვია. 81-ე წუთზე ნაუიოკსმა ანგარიში გაათანაბრა. ეგოიანმა შეუცვლელად ითამაშა და მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 15 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. „ექსელსიორი“ 20 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





