გიორგი ქოჩორაშვილს ლისაბონის „სპორტინგში“ ისევ მცირე დრო დაუთმეს. პორტუგალიის ჩემპიონატის მე-18 ტურში ლისაბონელებმა „კაზა პიას“ უმასპინძლეს და 3:0 დაამარცხეს.
მატჩის 38-ე წუთზე ანგარიში კატამომ გახსნა, რომელმაც 43-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 78-ე წუთზე სტუმართა კარი ბრაგანცამ აიღო. ქოჩორაშვილი თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს 88-ე წუთზე მოედნის ცენტრში სრულიად უწყინარ სიტუაციაში მეტოქის ფორვარდმა კლაუდიო მენდეშმა თავში ხელი ჩაარტყა და წააქცია. მსაჯმა მენდეშს პირდაპირ წითელი ბარათი აჩვენა.
მოქმედი ჩემპიონი „სპორტინგი“ 45 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა და 4 ქულით ჩამორჩება „პორტუს“, რომელმაც ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარა. „სპორტინგი“ 20 იანვარს ჩემპიონთა ლიგის ფაზაში სტუმრად ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი




