საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-18 ტურში პსჟ-მ „ლილს“ უმასპინძლა და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს. მას გოლი ან საგოლე პასი არ მიუთვლია.
განვლილ შეხვედრა უსმან დემბელეს ბენეფისი აღმოჩნდა. მე-13 წუთზე საფრანგეთის ეროვნული გუნდის ფორვარდმა დაახლოებით 20 მეტრიდან დაბალ კუთხეში გაიტანა – 1:0. 64-ე წუთზე „ოქროს ბურთის“ მოქმედი მფლობელი „ლილის“ საჯარიმოში სამ მცველს გაუსწორდა და წინ გამოსულ მეკარეს ბურთი თავს ზემოთ ოსტატურად გადაუგდო – 2:0. კვარაცხელიას ნაცვლად შეცვლაზე შესულმა ბარკოლამ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე სტუმართა საჯარიმოში ბურთი ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0.
მოქმედი ჩემპიონი პსჟ 42 ქულით 18-გუნდიანი სატურნირო ცხრილის სათავეშია. პარიზელები მომდევნო მატჩს სტუმრად ჩემპიონთა ლიგის ფაზაში გიორგი ქოჩორაშვილის ლისაბონის „სპორტინგთან“ 20 იანვარს ჩაატარებენ.
ლაშა თაბაგარი




