ქუთაისის „ტორპედოში“ დაბრუნებული გიორგი არაბიძის თქმით, მომავალ სეზონში გუნდის მთავარი მიზანი საქართველოს ჩემპიონატის მოგებაა. მან ამის შესახებ „ტორპედოს“ პრესსამსახურთან ისაუბრა:
“ბევრი ფაქტორია, რის გამოც “ტორპედოში” დაბრუნება გადავწყვიტე. როცა კლუბი შემეხმიანა, ძალიან გამიხარდა, რადგან “ტორპედოსთან” განსაკუთრებული ემოციები და ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი მაკავშირებს. განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა ფანებთან და ხელმძღვანელობასთან.
იმიტომ დავბრუნდი, რომ ორივეს მაღალი მიზნები გვაქვს. ჩემი აზრით, ეს ფეხბურთელისთვისაც და გუნდისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარი მიზანი კი, რა თქმა უნდა, ჩემპიონობაა, რასაც მთელი ქუთაისი ელოდება – გულშემატკივარი, ფეხბურთელები და ხელმძღვანელობა.
ჩემპიონობა სულ გვქონდა მიზნად, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ეს არ გამოდიოდა. წელს კი ყველა ფეხბურთელმა უფრო მეტი უნდა გააკეთოს, ვიდრე შეუძლია, რადგან ტიტული ისე არ მოვა, თუ ყველამ საკუთარ თავს არ აჯობა.
ქუთაისის “ტორპედოს” გულშემატივართან ძალიან კარგი და თბილი დამოკიდებულება მაქვს. რთულ პერიოდში მათ ბევრი გააკეთეს გუნდისთვის, ასევე, ინდივიდუალურად – მოთამაშეებისთვისაც. მათი მხარდაჭერა ფეხბურთელებისთვის, გუნდისა და ზოგადად ქუთაისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, ვეტყვი მათ, რომ ახლა უფრო მეტად მოტივირებული ვიქნები”
ლაშა თაბაგარი





