საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტებმა ალექსანდრე იაშვილმა და ზაზა ზამთარაძემ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასაკობრივ ნაკრებებში ერთიან სათამაშო კონცეფციას, რომელიც წლებია დანერგილია ასაკობრივი ნაკრები გუნდების დონეზე. ალექსანდრე იაშვილმა ხაზი გაუსვა ერთიანი სათამაშო კონცეფციის პროექტის მნიშვნელობას, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ასაკობრივ ნაკრებებს შორის გადასვლას ამარტივებს.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ პრეზენტაცია წარადგინა, რომელიც ბოლო ოთხწლიან ციკლს მოიცავდა.
მთავარ მწვრთნელებთან ერთად, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მთავარი მწვრთნელების ასისტენტებმა და ნაკრების გუნდების ანალიტიკოსებმა.
ერთიანი სანაკრებო სათამაშო კონცეფციის პროექტის გაუმჯობესების მიზნით, მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრები რეგულარულ ხასიათს ატარებს.
ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ს ვიცეპრეზიდენტი): “მნიშვნელოვანია, სწორად გავაანალიზოთ გასული წელი, დავინახოთ ჩვენი შეცდომები და გამოვასწოროთ, რათა მაქსიმალურად უკეთესი შედეგები გვქონდეს. დიდი ხანია, ნაკრებებში საერთო ფილოსოფია დავნერგეთ, რაც მწვრთნელებისთვისაც მნიშვნელოვანია და ფეხბურთელებისთვისაც.
ბევრი ფეხბურთელი ორ ასაკობრივ გუნდში თამაშობს და უნდა იცოდეს, კონკრეტულ პოზიციაზე რა მოეთხოვება და რა კრიტერიუმებია, წარმატებით რომ ითამაშოს. მიზანი კი ის არის, ჩვენს ნაკრებებს გარედან რომ შეხედავ, უნდა ხვდებოდე, რა ფილოსოფიით ვთამაშობთ”.
რამაზ სვანაძე (21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “წარვადგინე 2021-25 წლებში გაწეული საუშაოების შეჯამება – რას და რატომ ვაკეთებდით, რა ნაკლოვანებები გვქონდა და რისი გამოსწორება შეიძლება. ამ წლებში ბევრი დადებითი იყო, ორჯერ ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გაზიარება აუცილებელი იყო.
ასეთი შეხვედრები გაგრძელდება და ეს ძალიან კარგია. საბოლოოდ, გვინდა, ერთიან კონცეფციასა და ფილოსოფიაზე ჩამოვყალიბდეთ. ეს იმიტომაა აუცილებელი, რომ განვლილი წლების წარმატებები გავაგრძელოთ, განვავითაროთ და იმ მიზანს მივაღწიოთ, რაც ფედერაციაში გვაქვს დასახული.
მნიშვნელოვანია, რომ ასაკობრივ ნაკრებში მოსულმა ფეხბურთელმა იცოდეს ზოგადად ნაკრებში არსებული მენტალური მხარე, წესები და საფეხბურთო ფილოსოფია, რომელსაც საბოლოოდ, გვინდა რომ მივაღწიოთ. დარწმუნებული ვარ, გარკვეული დროის შემდეგ ასეც იქნება”.
ლაშა თაბაგარი





