გიორგი გულიაშილის დებიუტი სანტანდერის „რასინგის“ შემადგენლობაში „ბარსელონასთან“ შედგა. ესპანეთის თასის 1/8-ფინალში სეგუნდას ლიდერი სანტანდერელები სახლში ლა ლიგაში პირველ ადგილზე მყოფ კატალონიელებს დაუპირისპირდნენ და ორი უპასუხუ ბურთი გაუშვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს. მატჩის 66-ე წუთზე ანგარიში ფერან ტორესმა გახსნა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე ლამინ იამალმა საბოლოო წერტილი დასვა.
24 წლის გულიაშვილი „რასინგში“ მიმდინარე თვეში გადავიდა და კლუბთან სამწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. მის სანაცვლოდ ბოსნიის „სარაევომ“ ორმილიონნახევარი ევრო მიიღო, რაც კლუბის ისტორიაში სარეკორდო ტრანსფერია.
გულიაშვილმა გასულ სეზონში ბოსნიის ჩემპიონატში ჩატარებულ 26 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ბოსნიის თასზე 6 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო. გარდა ამისა, უეფას კონფერენს ლიგის ოთხ თამაშში თავი ერთხელ გამოიჩინა.
მიმდინარე სეზონში გულიაშვილმა ჩემპიონატის 18 შეხვედრაში ერთი გოლი და 8 საგოლე პასი მიითვალა, კონფერენს ლიგის ორ მატჩში კი ერთი ბურთი შეაგდო. მან საქართველოს ეროვნულ გუნდში 6-ჯერ ითამაშა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





