მიქაუტაძის „ვილიარეალის“ მორიგი წარუმატებელი მატჩი ჩემპიონთა ლიგაში

0
16

„ვილიარეალმა“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე თამაშობს, ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე მორიგი წარუმატებელი მატჩი ჩაატარა. მე-6 ტურში ესპანური გუნდი შინ დანიის „კოპენჰაგენს“ შეხვდა და 2:3 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყი, მაგრამ თავის გამოჩენის შანსი არ ჰქონია და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
მატჩის მე-2 წუთზე ლოპესმა მარცხენა ფლანგიდან პასი მასპინძლების საჯარიმოში გახსნილ ელიუნუსის გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გახსნა. მე-2 ტაიმის დაწყებიდან ორ წუთში მარჯვენა ფრთიდან აკომაჩიმ დაბალი ტრაექტორიით ბურთი დანიელთა საჯარიმოში გაგზავნა და კომესანიამ ვარდნაში საპასუხო ბურთი გაიტანა.
ერთ წუთში „კოპენჰაგენის“ შეტევის დროს მარჯვენა ფრთიდან ესპანელთა საჯარიმოში ზაგემ გამჭოლი გადაცემა გააკეთა და აშურმა თავისი გუნდი წინ გაიყვანა. 56-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში მყოფმა ოლუვასეიმ ანგარიშში თანაფარდობა ისევ აღადგინა. 90-ე წუთზე საჯარიმოს გარედან ელიუნუსის დარტყმის მერე „ვილიარეალის“ მცველის ფეხიდან ბურთი კარის წინ მდგომ კორნელიუსს მიუვიდა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა.
„ვილიარეალს“ 1 ქულა აქვს და 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოსწინაა. მიქაუტაძის გუნდი, რომელმაც პლეი-ოფში გასვლის შანსი ფაქტობრივად დაკარგა, ჩემპიონთა ლიგის ფაზაში მომდევნო შეხვედრას შინ 21 დეკემბერს ბოლო ადგილზე მყოფ ამსტერდამის „აიაქსთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი