„ინტერ მაიამიმ“, რომლის კაპიტანი ლიონელ მესია, არსებობის ისტორიაში პირველად MLS-ის ჩემპიონის ოქროს მედლები მოიგო.
ფინალურ შეხვედრაში, რომელიც ფორტ-ლოდერდეილეში „ინტერის“ საშინაო სტადიონზე „ჩეიზ სთედიემზე“ ჩატარდა, მაიამელებმა „ვანკუვერს“ 3:1 აჯობეს.
მატჩის მე-8 წუთზე ოკამპომ ავტოგოლი მიითვალა და „ინტერი“ დაწინაურდა. მე-60 წუთზე აჰმედმა საპასუხო ბურთი გაიტანა.
71-ე წუთზე მესიმ საგოლე პასი დე პაულს გაუკეთა, რომელმაც მასპინძლები წინ გაიყვანა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე მესის გადაცემის შემდეგ, საბოლოო წერტილი ალენდემ დასვა. არგენტინის ეროვნული გუნდის კაპიტანი, რომელიც ამერიკულ კლუბში 2023 წლიდან თამაშობს, მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
„ინტერ მაიამი“ 2018 წელს დაარსდა და კლუბის ერთ-ერთი მეპატრონე ინგლისის ეროვნული ნაკრების ექსკაპიტანი დევიდ ბექჰემია. მაიამელები MLS-ში 2020 წლიდან გამოდიან.
განვლილ შეხვედრა ესპანეთის ეროვნული გუნდის ექსფეხბურთელებისთვის ხორდი ალბასთვის და სერხიო ბუსკეტისთვის კარიერაში ბოლო აღმოჩნდა.
მესიმ კარიერაში 47-ე ტიტული მოიგო და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანია.
მესიმ „ბარსელონასთან“ ერთად ესპანეთის ლა ლიგა 10-ჯერ, ესპანეთის თასი 7-ჯერ, ესპანეთის სუპერთასი 8-ჯერ, ჩემპიონთა ლიგაში 4-ჯერ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 3-ჯერ და ევროპის სუპერთასი 3-ჯერ მოიგო.
მან პსჟ-ში საფრანგეთის ჩემპიონატში ორჯერ იპირველა, ხოლო ერთხელ სუპერთასს დაეუფლა.
მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად ერთხელ მსოფლიო ჩემპიონატში, ორჯერ სამხრეთ ამერიკის პირველობაზე, ხოლო თითოჯერ ოლიმპიადაზე და ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გაიმარჯვა. ასევე მან ფინალისიმა მოიგო.
არგენტინელმა „ინტერ მაიამისთან“ ერთად MLS-ის გარდა, MLS-ის თასი და ასევე Supporters’ Shield-სი აიღო, რომელიც MLS-ის რეგულარული პირველობის მომგებს გადაეცემა.
ლაშა თაბაგარი





