კვარაცხელიას ბრწყინვალე მატჩი და პირველი დუბლი სეზონში

0
15

ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში გადასვლის შემდეგ მეორე დუბლი შეასრულა, ხოლო მიმდინარე სეზონში – პირველ. მან გასულ სეზონში ორი გოლი “ოსერთან” მატჩში გაიტანა.
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-15 ტურში პარიზელებმა შინ „რენი“ 5:0 გაანადგურეს, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მან მოედანზე 71-ე წუთი გაატარა და მასპინძლებში უდავოდ ყველაზე გამორჩეული გახლდათ – ორი გოლის გატანის გარდა, ფინტებით მცველებს არაერთი თავსატეხი გაუჩინა და „რენის“ კართან ვითარებას ხშირად ამწვავებდა. გასაკვირი არაა, რომ პსჟ-ს მაისურით ჩატარებულ 50-ე თამაშში ჩვენებური საუკეთესოდ აღიარეს.
შეხვედრის 28-ე წუთზე პსჟ-ს კონტრშეტევის დროს კვარაცხელია საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა, სამ მოწინააღმდეგეს გაცდა და ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა. 39-ე წუთზე მასპინძლებიდან თავი მაიულუმ გამოიჩინა.
67-ე წუთზე „რენის“ მეკარემ თავის საჯარიმოში ცუდი გადაცემა გაუკეთა მცველს და ბურთი ბარკოლამ ჩაჭრა, რომელმაც მაიულუმ მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი კავარცხელიას უპასა, რომლის დარტყმა აუღებელი აღმოჩნდა – 3:0. 71-ე წუთზე ქართველი ფეხბურთელი გონსალუ რამუშმა შეცვალა. 24 წლის კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 13 შეხვედრაში 3 ბურთი შეაგდო და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. მან ჩემპიონთა ლიგის ფაზის ოთხ შეხვედრაში ორი გოლი მიითვალა.
88-ე წუთზე „რენი“ მბაიემ დაამწუხრა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე წერტილი რამუშმა დასვა. მოქმედი ჩემპიონი პსჟ 33 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა და ლიდერ „ლანსს“ ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი