გიორგი ქვილითაიამ ლიმასოლის „არისის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში თავისი მესამე გოლი გაიტანა. მე-12 ტურში ლიმასოლელებმა „პარალიმნი“ მიიღო და 4:0 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 24-ე წუთზე ანგარიში გახსნა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან თანაგუნდელის ჩაწოდების შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში მცველს დაასწრო და თავით გაიტანა. ის 77-ე წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე სეზონში ასევე ერთი ბურთი კვიპროსის თასზე შეაგდო, ხოლო სამი – კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. „არისი“ 26 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
იტალიის სერია B-ს მე-14 ტურში „ფროზინონე“ გასვლაზე „რეჯანას“ დაუპირისპირა და მინიმალური ანგარიშით აჯობა. ჩვენი ეროვნული გუნდის გარემარბმა გიორგი კვერნაძემ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 75-ე წუთზე შეცვალეს. „ფროზინონე“ 28 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა.
ლაშა თაბაგარი





