„დილამ“ ტურის ცენტრალური მატჩი მოიგო

0
11

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა გორში შედგა, სადაც ადგილობრივმა „დილამ“ ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
მატჩის დაწყებამდე მასპინძლების იტალიელ თავკაც დიეგო ლონგოს მე-3 წრის საუკეთესო მწვრთნელისთვის განკუთვნილი პრიზი ოლიმპიურმა ჩემპიონმა გელა კეტაშვილმა გადასცა. პირველი სახიფათო მომენტი 23-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც მალელმა აბუბაქარ კონტემ სტუმართა საჯარიმოში ბურკინა ფასოელი არუნა უატარა მოძებნა, რომლის დარტყმული ბურთი სერბმა მეკარე ფილიპ კლიაიჩმა მოიგერია.
25-ე წუთზე „დილას“ გოლკიპერმა დავით კერესელიძე ფეხით თამაშში ცუდად შეიყვანა ბურთი, რომელიც „ტორპედოს“ ფეხბურთელმა ჩაჭრა და პაატა ღდუშაურს მიუვიდა, ამ უკანასკნელის პასის შემდეგ კი, ბიორნი იონსენმა ცარიელ კარში ვერ გაიტანა, რადგან „დილას“ მცველის მხრიდან ადგილი მცირე რიკოშეტს ჰქონდა.
32-ე წუთზე შოთა შეყილაძემ დაახლოებით 20 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და „ტორპედო“ გოლის გაშვებას ისევ კლიაიჩმა გადაარჩინა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში თითქმის იმავე მანძილიდან ქუთაისელთა კარს ირაკლი ბუღრიძე დაემუქრა და ისევ სერბმა მეკარემ იყოჩაღა. მეორე ტაიმის შუაწელში „ტორპედოს“ ბრაზილიელმა მცველმა ჟორჟინიომ თავის საჯარიმოში ირაკლი ბუღრიძესთან ორთაბრძოლის დროს მარცხენა ფეხის მუხლი დაიზიანა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.
68-ე წუთზე ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა დაახლოებით 27-28 მეტრიდან დაარტყყა და ბურთი გვინეა-ბესაუელ სორი მანეს შეეხო, რის შემდეგ კლიაჩმაც არადამაჯერებლად ითამაშა, რაც საბოლოოდ ანგარიშის გახსნით დასრულდა – 1:0.  75-ე წუთზე იონსენი მასპინძლების საჯარიმოში პორტუგალიელ მცველ პედრო მენდეშს გაცდა და პასი პაატა ღუდუშაურს მისცა, რომელმაც კარის წინ მდგომ ალეკო ბასილაძე მონახა, ვისი დარტყმის მერე, გორელთა კონგოელმა კაპიტანმა რომარიკ ეტოუმ ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა.
მე-80 წუთზე შეყილაძე კარგი ფინტით სორი მანეს გაექცა და საჯარიმოში შესულმა წინ გამოსულ ფილიპ კლიაიჩს თავს ზემოთ სუსტად გადაუგდო ბურთი, რომელსაც სტუმართა კაპიტანმა ვლადიმერ მამუჩაშვილმს კარში შესვლის საშუალება არ მისცა, ხოლო დამატებაზე მყოფი კონგოელი დეო ბასინგას დარტყმული კლიაიჩმა გაანეიტრალა.
„დილა“ 65 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა და სამი ქულით ასწრებს მეორეადგილოსან თბილისის „იბერიას“, რომელიც ხვალ ბათუმში „დინამოს“ შეხვდება. „ტორპედო“ 50 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.
დინამო ბთ – იბერია 1999 
ლაშა თაბაგარი