საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია. სანდრო კობახიძის გაწვრთნილ გუნდს პირველ ტურში ისლანდიასთან 1:5 მარცხის შემდეგ, ბერძნებთან მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს, როდესაც მეტოქეს ფრეც ყოფნიდა. თუმცა, ჩვენმა ნაკრებმა სასურველი შედეგი ვერ დააფიქსირა, არადა, 49-ე წუთზე ანდრია ბართიშვილის მიერ საუცხოოდ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ დაწინაურდა -1:0. უნდა აღინიშნოს, რომ ბართიშვილი თბილისში ჩატარებულ შესარჩევში ყველაზე გუნდში უდავოდ გამორჩეული ფიგურა იყო. მან ბერძნებთან შეხვედრაშიც არაერთი კარგი დრიბლინგი შეასრულა და ორ ეპიზოდში გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, რაც ვერ მოახერხა.
პირველი შეხვედრის მსგავსად კვლავ თავი იჩინა მცველების სუსტმა თამაშმა. 56-ე წუთზე ბერძნებმა ჯარიმის შესრულების შემდეგ, ბურთი ჩვენს საჯარიმოში ჩაჰკიდეს, სადაც შექმნილი არეულობით კარგად სოულატიზისმა ისარგებლა და ახლო მანძილიდან გაიტანა – 1:1. 70-ე წუთზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ბურთი თავის ნახევარზე დაკარგა და დაახლოებით 20 მეტრიდან პაპასარაფიანოსმა ბერძნები წინ გაიყვანა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და ჩვენმა გუნდმა მე-14 ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა. პირველ პოზიციაზე ისლანდია გავიდა, რომელმაც საბერძნეთს 4:3 აჯობა, ხოლო ელადელებმა შესარჩევი მეორე ადგილზე დაასრულეს. შემდეგ ეტაპზე ისლანდია და საბერძნეთი გავიდნენ.
შემადგენლობა და მატჩის ოქმი
ლაშა თაბაგარი





