გიორგი ქოჩორაშვილისთვის ჩემპიონთა ლიგაში დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა. ლისაბონის „სპორტინგმა“, რომელსაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ზაფხულში შეუერთდა, ლიგის ფაზის პირვე ტურში ალმათის „ქაირათს“ უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა.
სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ქოჩორაშვილმა მე-4 წუთზე უხეშობისთვის ყვითელი ბარათი მიიღო. 21-ე წუთზე სტუმართა მცველმა თავის საჯარიმოში კოლუმბიელი ფორვარდი ლუის სუარესი წააქცია და პენალტი დაინიშნა. ჰიულმანდმა ძალიან ცუდად დაარტყა და ყაზახების მეკარემ ბურთი მოიგერია. 44-ე წუთზე პორტუგალიელებმა ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს და ქოჩორაშვილმა ქუსლით პასი ტრინკაუს გაუკეთა, რომელმაც საჯარიმოს გარედან „ცხრიანში“ ეფექტური გოლი გაიტანა.
61-ე წუთზე ქართველი იაპონელმა მრიტამ შეცვალა, რომელიც მის უშუალო კონკურენტად მიიჩნევა. 65-ე წუთზე „ქაირათის“ საჯარიმოში მარჯვნიდან ფრეზენდა შევიდა, რომლის გადაცემის შემდეგ, ტრინკაუმ მოიგი ლამაზი ბურთი შეაგდო. 67-ე წუთზე ალისონ სანტოსმა საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით „სპორტინგის“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა – 3:0. 68-ე წუთზე კენდამ ყაზახების საჯარიმოში რამდენიმე მცველს „თავბრუ“ დაახვია და შორეულ კუთხეში გაიტანა – 4:0. „ქაირათიდან“ ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე ბრაზილიელმა ლეგიონერმა ედმილსონ სანტოსმა მიითვალა.
ალმათელებში მუხლის ტრავმის გამო ქართველ ლეგიონერ გიორგი ზარიას არ უთამაშია, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და გასულ სეზონში გულშემატკივრებმა საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
ლაშა თაბაგარი





