სვანაძე: “დიდი პრეტენზია მაქვს მენტალობასა და ხასიათთან”

0
13

ევრო 2027-ს შესარჩევი ციკლის F ჯგუფში ქუთაისში ჩრ.ირლანდიასთან 1:1 დასრულებული მატჩის შემდეგ, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ განაცხადა, რომ ყველაზე დიდი პრეტენზია ფეხბურთელების მენტალობასა და ხასიათთან აქვს.
რამაზ სვანაძე: „ვცდილობთ, რომ ფეხბურთელებთან მივიტანოთ ჩვენი დავალებები და გუნდის მენტალური მხარე, რათა რაც შეიძლება მალე გუნდი შეთამაშდეს და რაც მთავარია, სწრაფად შეიძინოს ხასიათი. დღევანდელი თამაშის ტაქტიკურ-ტექნიკური მხარის განხილვას არც დავიწყებ. შეთამაშების პრობლემა რომ გვექნებოდა, ეს ჩვენთვის ისედაც ნათელი იყო. რაც შეეხება, მოედანზე მენტალობას და ხასიათს, ამაზე ბიჭებთანაც მქონდა საუბარი და ამაზე მაქვს ძალიან დიდი პრეტენზია, რადგან ხასიათი და საქმისადმი სწორი მიდგომაა საჭირო. ლიდერი გვჭირდება, რომელიც მოედანზე გამოჩნდება და დღეს ამის პრობლემა იყო. ამ მხრივ, ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო, ისევე, როგორც ზოგადად, რადგან ჩვენი პირველი შეკრება იყო.
გვაქვს ამბიცია, რომ შევკრათ ისეთი გუნდი, რომელიც ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ იბრძოლებს და მაქსიმუმს გაიღებს. თაობები რა თქმა უნდა, ერთმანეთს არ ჰგავს. ყველას აქვს თავისი პლუს-მინუსები, მაგრამ ჩვენი მიზანია მაქსიმუმი მივიღოთ ამ თაობისგან, რომლისგანაც ჯერ მაქსიმუმი არ გვინახავს და იმედია, მომავალში უფრო დავლაგდებით და მაქსიმუმს ვაჩვენებთ.
არ ვგულისხმობ, რომ დღეს ვინმემ მაქსიმუმი არ გაიღო მოედანზე, არამედ ვგულისხმობ გუნდურ სულისკვეთებას, რომელიც საჭიროა ასეთი მატჩების მოსაგებად. დრო დაგვჭირდება, რამდენიმე შეკრება და დარწმუნებული ვარ, გუნდი სრულყოფილ სახეს მიიღებს მეორე წრის დასაწყისიდან. რამდენიმე ასპექტზე ერთდროულად გვიწევს მუშაობა და ყველაფერი გაკეთდება. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ბევრისთვის ამ დონეზე პირველი მატჩი იყო და ამითაც იყო განპირობებული სირთულეები. თუმცა, გვახსოვს ძველი თაობებიც, სადაც თავიდან არ იყო ყველაფერი დალაგებული და ამიტომ, ეს დროის საკითხია. რაც უფრო მალე მოვახერხებთ ამას, მით უფრო კარგი ყველასთვის.
ფეხბურთელების საკმაოდ დიდი ჯგუფია, რომელსაც პრობლემები აქვს თამაშის ინტენსივობასთან და დღეს ეს ყველამ ვნახეთ. ვნახეთ, რომ ჩრდილოეთ ირლანდიელ ფეხბურთელებს ამ მხრივ არ ჰქონიათ პრობლემა, დავინახეთ მათი მოძრაობა, ინტენსივობა, საერთოდ არ დაგვიტოვეს თავისუფალი სივრცე, ამიტომაც გაგვიჭირდა თამაში. ამ დონეზე რეალურად სხვა ტემპია, სხვა ინტენსივობაა. ფეხბურთელებმა ამაზე აქცენტი კლუბებში უნდა გააკეთონ, რადგან ნაკრებში ამის მოგვარება შეუძლებელია იმდენად ცოტა დროა შეკრებაზე სამუშაოდ.
ვიმეორებ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ კონკურენტუნარიანი გუნდი. დღეს პირველ რიგში, მე ვარ უკმაყოფილო, რადგან ლოგიკურია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ ორჯერ თამაშის შემდეგ ამბიცია გაზრდილია. გვინდა მაქსიმუმი გავიღოთ, ხოლო ამ თაობის მაქსიმუმი რა იქნება, ამ ყველაფერზე თამამად საუბარს ოქტომბრის სანაკრებო შეკრების შემდეგ შევძლებ“.