„იბერიამ“ და „ტორპედომ“ ქულები გაიყვეს – „ჯუნგლებმა“ შუტერს აგინეს

0
17

გია გეგუჩაძე მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, თბილისის „იბერიამ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეორე შეხვედრა ვერ მოიგო. მე-20 ტურის ცენტრალურ მატჩში გათამაშების ლიდერმა „იბერიამ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
თამაშის დაწყებამდე სტადიონზე შეკრებილმა მცირერიცხოვანმა გულშეტკივრებმა და გუნდების ფეხბურთელებმა სამწვრთნელო შტაბთან ერთად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.
„იბერია“ ორი ტაიმის განმავლობაში ბურთს მეტოქეზე უფრო ხშირად ფლობდა, მაგრამ მხოლდო ორი რეალური საგოლე მომენტი შექმნა. პირველ ტაიმში კართან ახლოს მდგომ თორნიკე ახვლედიანს ქუთაისელთა მეკარე ოთო გოშაძემ არ გაატანინა, ხოლო შესვენების შემდეგ თავის გამოჩენა ნიკოლოზ დადიანს შეეძლო, რომელსაც „ტორპედოს“ მეკარემ აუღო.
ქუთაისელებიდან მეორე ტაიმის შუაწელში საჯარიმო დარტყმა სახიფათოდ ვლადიმერ მამუჩაშვილმა შეასრულა და გიორგი მაკარიძემ საიმედოდ ითამაშა. მატჩის მიწურულს ირაკლი ბიძინაშვილმა ძალიან ზუსტი პასი მისცა კარის წინ მყოფ ცოტნე ნადარაიას, რომელმაც გოლის გატანის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა.
„იბერია“ 45 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა, ხოლო გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილი „ტორპედო“ 31 ქულით მეოთხეა/ აქვე უნდა ხაზი გავუსვათ, რომ „ტორპედოს“ ფან-კლუბი „ჯუნგლები“ შუსტერის მუშაობით ძალიან უკმაყოფილოა. ყოველ შემთხვევაში ამას ორი ტაიმის განმავლობაში „ჯუნგლების“ წევრების მიერ მწვრთნელის ლანძღვა-გინება მოწმობს.
ცნობისთვის. ეს გუნდები ერთმანეთს ოთხშაბათს 13 აგვისტოს ისევ „მიხეილ მესხზე“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8-ფინალში დაუპირისპირდებიან.
იბერია 1999 0:0 ტორპედო 
ვალერი გაგუას ხელმძღვანელობით „თელავმა“ ფოთის „კოლხეთი“ მიიღო და გამარჯვებული ვერც ამ შემთხვევაში გაირკვა. მატჩის მე-20 წუთზე ნიკოლოზ ქუთათელაძემ დაახლოებით 30 მეტრიდან ერთი შეხებით დაარტყა და ბურთი „ცხრიანში“ ჩასვა. ეს გოლი მიმდინარე ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესოა. მასპინძლები მარცხისგან გუნდის კაპიტანმა დაჩი ცნობილაძემ იხსნა. 76-ე წუთზე ნიკოლოზ ყიფიანმა კუთხური ჩააწოდა და შეტევაში ჩართულმა ცენტრალურმა მცველმა თავით ანგარიში გაათანაბრა. „თელავი“ 16 ქულით ბოლოსწინაა, ხოლო კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით „კოლხეთს“ 14 ქულა აქვს და ბოლოა.
თელავი 1:1 კოლხეთი 1913
ლაშა თაბაგარი