ქუთაისის “ტორპედოს” მთავარ მწვრთნელ დირკ შუსტერს მიაჩნია, რომ უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის “ორდაბასისთან” დაპირისპირებაში ორივე გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის თანაბარი შანსი აქვს.
“შანსს თანაბრად შევაფასებდი. „ორდაბასი“ ყაზახეთში ძალიან კარგი გუნდია. წელიწადნახევრის წინ ჩემპიონიც გახდა, შესაბამისად, კარგი გუნდი იქნება. თუმცა ისიც ვიცი, რომ წელს ჩვენი მეტოქე არც ისე კარგად გამოიყურება. მათ ჩვენსავით პრობლემები აქვთ და სატურნირო ცხრილის შუაში არიან. ორივე მსგავს სიტუაციაში ვართ, ამიტომ ვფიქრობ, რომ შანსი თანაბარია. ყაზახეთში ზაფხულში ძალიან ცხელა, ორი დაძაბული მატჩი გველოდება, რომელიც იმედია, ჩვენი გამარჯვებით დასრულდება.
გვინდა, რომ ბათუმში სუპერთასამდე და ევროტურნირებამდე კარგი მოსამზადებელი პერიოდი გავიაროთ. იმედი მაქვს, რომ რამდენიმე ახალ ფეხბურთელს დავიმატებთ, იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ ხარისხი. ამ საკითხზე კლუბის ხელმძღვანელებთან ერთად ყოველდღიურად ვმუშაობთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რამდენიმე ახალწვეული გვყავდეს“ – იუწყება გერმანელის სპეციალისტის ნათქვამს ქუთაისელთა პრესსამსახური.
“ტორპედო” პირველ თამაშს შინ 10 ივლისს ჩაატარებს, ხოლო საპასუხო შეხვედრა 17 ივლისს ყაზახეთში შედგება.
ცნობისთვის, “ტორპედო” “ორდაბასის” 2019-2020 წლების სეზონში ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდა და ორივე თამაში წააგო – შინ 0:2, ხოლო გასვლაზე 0:1.
ლაშა თაბაგარი
