საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძე ევრო 2025-ის სასტარტო შეხვედრაში პოლონეთთან 2:1 გამარჯვების შემდეგ ფეხბურთელებს დავალების ზედმიწევნით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.
რამაზ სვანაძე: “ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. ამ დროისთვის ლომინაძის ტრავმა სერიოზული არ ჩანს. იყო მცირე პრობლემა, რომელიც მოსალოდნელი იყო, რადგან მას ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პაუზა ჰქონდა.
ჩვენთვის მთავარია რაც შეიძლება სწრაფად, მოკლე დროში მოხდეს ძალების აღდგენა. დღევანდელმა თამაშმა დიდი ენერგია წაგვართვა. გვყავს ფეხბურთელები, რომლებმაც ძალიან დიდი ხნის შემდეგ, დიდი დატვირთვით ითამაშეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ძალები რაც შეიძლება სწრაფად აღვიდგინოთ.
არ შეიძლება არ გამოვყო საბა საზონოვის თამაში, რადგან ძალიან დიდი პაუზის შემდეგ ითამაშა 90 წუთი. ითამაშა მაშინ, როდესაც მისთვის არ შეიძლებოდა ასეთი დატვირთვა და ეს ძალიან დასაფასებელია.
პოლონეთის ნაკრებისგან რასაც ველოდით, სწორედ ის ვნახეთ. ეს იყო სწრაფი, აგრესიული, სტანდარტულებზე კარგად მოთამაშე გუნდი. თამაშს ვაკონტროლებდით. იყო მცირე მონაკვეთი გაშვებული გოლის შემდეგ, როდესაც თამაშის სადავეები ხელიდან გავუშვით. თუმცა, კარგია, რომ ეს მცირე დროით მოხდა. საერთო ჯამში, მადლობელი ვარ ფეხბურთელების, რადგან თითოეული დავალება ზედმიწევნით შეასრულეს”.
გამომდინარე იქიდან, რომ პარალელურ შეხვედრაში საფრანგეთსა და პორტუგალიას შორის ფრე დაფიქსირდა, ჩვენი 21-წლამდელები 3 ქულით C ჯგუფში გალიდერდნენ.
ქართველი 21-წლამდელები ევროპის ჩემპიონატზე მომდევნო მატჩს 14 ივნისს ისევ ჟილინაში საფრანგეთთან ჩაატარებენ, რომელიც თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი
