21-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს

0
16

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით სლოვაკეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში პირველი მატჩი პოლონეთთან ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 გაიმარჯვა. ჩვენმა ახალგაზრდულმა არსებობის ისტორიაში პოლონელები მეორედ დაამარცხა. პირველად ეს 1997 წლის 10 სექტემბერს მოახერხა, როდესაც ევრო 1998-ის შესარჩევის ეგიდით თბილისში 5:1 გაანადგურა. პოლონეთში ჩატარებული შეხვედრა 2:2 დასრულდა. ევრო 2009-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონელებმა 3:1 და 5:0 გვაჯობეს, ხოლო ევრო 2019-ის შესარჩევის ორივე მატჩში ერთნაირი ანგარიშით 3:0 დაგვამარცხეს.
ჟილინას სტადიონზე შეკრებილი მცირერიცხოვანი გულშემატკივრების თანდასწრებით ჩატარებული შეხვედრის მე-8 წუთზე პოლონელებს ანგარიშის გახსნის შანსი ჰქონდათ, მაგრამ ახლო მანძილიდან არიელ მოსორის დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
მე-19 წუთზე თავის გამოჩენის შანსი უკვე ჩვენს საჯარიმოში მყოფ ანტონი კოზუბალს ჰქონდა, რომლის დარტყმის მერე, ისევ გვერდითმა ძელმა „გადაგვარჩინა“.  საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს პირველ ტაიმში კარის მიმართულებით არ დაურტყამთ.
55-ე წუთზე ირაკლი აზაროვმუ კუთხური ჩააწოდა და პოლონელი მცველის თავით მოგერიებული ბურთი საჯარიმოში მყოფმა ნოდარ ლომინაძემ მარჯვენა ფეხით გააჩერა, ხოლო მარცხენათი კარში გადაგზავნა – 0:1.
70-ე წუთზე გაბრიელ სიგუამ თავის საჯარიმოში ფორნალჩიკი წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც კალუზინსკიმ გოლად აქცია – 1:1.
77-ე წუთზე ჯარიმის შესრულების დროს პოლონელმა ფეხბურთელმა ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა და პედას თავურის შემდეგ, ლუკა ხარატიშვილმა ნახტომში რთული ბურთი მოიგერია. 85-ე წუთზე საქართველოს ნაკრების გათამაშებული კარგი კომბინაციის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაზე დარჩენილმა გიზო მამაგეიშვილმა დაარტყა და მეკარე ბურთს დაეუფლა.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე გიზო მამაგეიშვილის პასის შემდეგ, გიორგი მაისურაძემ მეტოქის საჯარიმოში ბოლომდე იბრძოლა და მას მერე რაც მცველს აჯობა, პასი კარის წინ მდგომ ვასილიოს გორდეზიანს გაუკეთა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა – 0:1. შეხვედრის ბოლო წუთზე ჩვენი გუნდის მეკარესთან პირისპირ გასული რაკოჩის სახიფათო დარტყმის შემდეგ, ხარატიშვილმა გადაგვარჩინა და საქართველოს ნაკრებმა თავის აქტივში სამი ქულა ჩაიწერა. განვლილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჩვენი გუნდის მარჯვენა მცველი გიორგი მაისურაძე გახდა.
გამომდინარე იქიდან, რომ პარალელურ შეხვედრაში საფრანგეთსა და პორტუგალიას შორის ფრე დაფიქსირდა, ჩვენი 21-წლამდელები C ჯგუფში გალიდერდნენ.
ქართველი 21-წლამდელები ევროპის ჩემპიონატზე მომდევნო მატჩს 14 ივნისს ისევ ჟილინაში საფრანგეთთან ჩაატარებენ, რომელიც თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
პოლონეთი – საქართველო 1:2   (0:0)
11 ივნისი. ჟილინა. სტადიონი „პოდ დუბნომ“.
პოლონეთი
: ტობიაში (კ), ფორნალჩიკი (რაკოჩი, 82), გურგული, კალუზინსკი, კოზლოვსკი (პიენკო, 64), კოზუბალი, მარცუკი, მოსორი, პედა, პურკა (შმუტი, 64), შიმჩაკი (ბოგაჩი, 64).
მთავარი მწვრთნელი: ადამ მაიევსკი.
საქართველო: ხარატიშვილი, მაისურაძე, საზონოვი, ხვადაგიანი (კ), აზაროვი, სიგუა (გორდეზიანი, 80), ლომინაძე (ოთარ მამაგეიშვილი, 66), გაგნიძე (ოდიშვილი, 90+6) ოდიშარია (ეგოიანი, 80), აბუაშვილი (გიზო მამაგეიშვილი, 66), კვერნაძე.
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე.
გოლი: 0:1 ლომინაძე (55), 1:1 კალუზინსკი (74), 1:2 გორდეზიანი (90+3)
გაფრთხილება: აზაროვი (6), მარჩუკი (26), მაისურაძე (49), გიზო მამაგეიშვილი (73), პიენკო (73), გაგნიძე (75)
მთავარი მსაჯი: ა.დუდიჩი (შვეიცარია).