მამარდაშვილი „ვალენსიას“ ფანებს დაემშვიდობა

0
13

გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას“ მაისურით „მესტალიაზე“ ბოლო შეხვედრა ჩაატარა. 37-ე ტურში „ღამურებმა“ ბილბაოს „ატლეტიკი“ მიიღეს და 0:1 დამარცხდნენ. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი 77-ე წუთზე ალექს ბერენგერმა გაიტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა და მატჩის შემდეგ, „მესტალიაზე“ შეკრების გულშემატკივრებს თვალცრემლიანი დაემშვიდობა, რადგან ზაფხულში „ლივერპულს“ შეურთდება, რომელმაც მის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა, პლუს 5 მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებული. მამარდაშვილი „ვალენსიაში“ ბოლო შეხვედრას 23 მაისს სტუმრად სევილიას „ბეტისთან“ გამართავს.
„არ ვიცი, ვიყავი თუ არა საუკეთესო, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი ჩემი თავის საუკეთესო ვერსია. დღეს განსაკუთრებული და ემოციური დღეა. დასრულდა თავგადასავალი, რომელიც 4 წლის წინ დაიწყო. ჩამოვედი როგორც უბრალო ბავშვი, ესპანურის ცოდნის გარეშე, მაგრამ დიდი ოცნებით. ამ დროში იყო ბევრი სირთულე, განვითარების რთული გზა და დაუვიწყარი მომენტები. დღეს დროა დაგემშვიდობოთ. მადლობა ყველას, ვინც ამ 4 წლის განმავლობაში ჩემს გვერდით იდგა. ვფიქრობ, ჩემი პატარა ისტორია ვალენსიაში დავტოვე. იმედია, ეს კლუბი ყოველთვის იქნება იქ, სადაც მისი ადგილია“ – დაწერა მამარდაშვილმა თავის ფეისბუქის გვერდზე.
„ვალენსია“ 10-მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ, ბოლო ორ მატჩში დამარცხდა და 45 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი