„ლევანტემ“, რომელშიც გიორგი ქოჩორაშვილი გამოდის, ესპანეთის ლა ლიგაში დაბრუნებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. სეგუნდა დივიზიონის მე-40 ტურში ვალენსიელებმა „ალბასეტეს“ უმასპინძლეს და მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს. შეხვედრაში ერთადერთი გოლი პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე გავიდა, როდესაც სტუმრების მცველმა პეპა სანჩესმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი მცირე ტრავმის გამო სასტარტოში არც ამჯერად იყო და თამაშში 77-ე წუთზე ჩაერთო. მატჩის მიწურულს მას ანგარიშის გაზრდის შანსი ჰქონდა, როდესაც საჯარიმოში მყოფმა ბურთი ერთი შეხებით მიწაზე დაუშვებლად ძლიერად დაარტყა და „ალბასეტეს“ მეკარემ თავისი გუნდი გოლის გაშვებისგან იხსნა.
სეგუნდა დივიზიონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, „ლევანტე“ 73 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და ორი ქულით ასწრებს მეორეადგილოსან „ელჩეს“, ხოლო 5 ქულით მესამეადგილოსან „მირანდესს“. პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ლა ლიგაში ავტომატურად გადადიან, ხოლო მესამე-მეექვსე ადგილზე გასულები პლეი-ოფში ითამაშებენ.
შეგახსენებთ, რომ მომავალი სეზონიდან ქოჩორაშვილი კარიერას პორტუგალიურ გრანდ ლისაბონის „სპორტინგში“ გააგრძელებს.
ლაშა თაბაგარი
