„ბარსელონამ“ არსებობის ისტორიაში ესპანეთის ჩემპიონატი 28-ედ მოიგო. ლა ლიგის 36-ე ტურში გერმანელი ჰანსი ფლიკის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად თავის ერთ-ერთ დაუძინებელ მეტოქე „ესპანიოლს“ დაუპირისპირდა და ორი უპასუხო ბურთი გაუტანა, რის წყალობით ოქროს მედლები სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გაინაღდა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 53-ე წუთზე ლამინ იამალმა გაიბრწყინა, როდესაც მეტოქის ნახევარზე მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და დაახლოებით 20 მეტრიდან „ცხრიანში“ გაიტანა. მე-80 წუთზე მასპინძლებს ურუგვაელი მცველი კაბრერა გაუძევეს, რომელმაც იამალს ხელი მუცელში ჩაარტყა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მეხუთე წუთზე იამალის გადაცემის შემდეგ საჯარიმოში ოდნავ შესულმა ფერმინ ლოპესმა გამარჯვების გოლი შეაგდო. ცნობისთვის, „ბარსელონა“ „ესპანიოლის“ მოედანზე ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა – პირველად ეს 2023 წელს მოახერხა. ფლიკმა თავის სადებიუტო სეზონში „ბარსას“ სამი ტიტული მოაგებინა – ლა ლიგა, ესპანეთის თასი და სუპერთასი. ის მეორე გერმანელი სპეციალისტია, რომელმაც ლა ლიგაში გაიმარჯვა. 2007-2008 წლების სეზონში ბერნდ შუსტერმა “რეალს” ესპანეთის ჩემპიონატის ოქროს მედლები ააღებინა.
21-საუკუნეში „ბარსელონამ“ ჩემპიონატი მეთორმეტედ მოიგო. ტოპ 5 ლიგაში კატალონიელებზე უკეთესი შედეგი მხოლოდ მიუნხენის „ბაიერნს“ აქვს, რომელმაც გერმანიის ბუნდესლიგაში 18-ჯერ გაიმარჯვა.
„ბარსელონმ“ არსებობის ისტორიაში ერთ სეზონში თასი და ჩემპიონატი 9-ჯერ მოიგო. ბილბაოს „ატლეტიკის“ ანგარიშზე 5 „ოქროს დუბლია“, „რეალის“ – 4, ხოლო „ატლეტიკოს“ – 1.
ბოლო 21 წელია ლა ლიგაში „ბარსელონა“, „რეალი“ და „ატლეტიკო“ იმარჯვებენ, 2004 წელს ჩემპიონი „ვალენსია“ გახდა.
17 წლის იამალმა მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ მაისურით ჩატარებულ 58 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 22 საგოლე პასი გააკეთა. მან კარიერის მანძილძე ესპანეთის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო, ესპანეთის თასსა და სუპერთასს დაეუფლა, ხოლო „ფურია როხასთან“ ერთად 2004 წელს ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვა. იამალი ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო, ვიდრე 18 წლის გახდებოდა.
ლაშა თაბაგარი
