გოგა ბითაძის ორლანდოს პლეი-ოფში თამაშის შანსი აქვს. ფლორიდულმა გუნდმა 82-დან ზუსტად ნახევარი – 41 მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილი დაიკავა. დებულების თანახმად კი პლეი-ოფში 6 საუკეთესო გადის, ხოლო მომდევნო ოთხი – 7, 8, 9 და 10 ადგილებზე გასული გუნდები პლეი-ინში დარჩენილი 2 საგზურისთვის იბრძოლებენ.
ორლანდო პლეი-ინის პირველ მატჩში ატლანტას შეხვდება და თუ მოიგებს, პლეი-ოფში გავა, ხოლო წაგების შემთხვევაში, პლეი-ოფის საგზურის მოსაგებად ჩიკაგოსა და მაიამის შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
რეგულარული ჩემპიონატის ბოლო – 82-ე მატჩში ორლანდო სწორედ ატლანტას შეხვდა და 105:117 დამარცხდა. ბითაძე სათადარიგო იყო და მოედანზე სასტარტო ცენტრ ვენდელ კარტერზე გაცილებით მეტ ხანს – 26 წუთს ითამაშა. ამ დროში გოგამ 10 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.
