„ტორპედომ“ წარუმატებელი სერია „დინამოსთან“ შეწყვიტა

0
59

ქუთაისის „ტორპედომ“ 6-მატჩიანი მოუგებელი (4 მარცხი და 2 ფრე) სერია დაასრულა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-8 ტურში გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილები შინ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდნენ და ორბურთიანი სხვაობით აჯობეს.
მატჩის 22-ე წუთზე გიორგი კოხრეიძემ კუთხური ჩააწოდა და მიხეილ მაქაცარია კარიდან ცუდად გამოვიდა, ხოლო სოლომონ კვერკველია მეტოქის მცველებზე მაღლა ახტა, რის შემდეგ თავით ყოფილ გუნდს გაუტანა – 1:0. ანგარიშის გახსნიდან ერთ წუთში „ტორპედოს“ კონტრშეტევის დროს პაატა ღუდუშაურის გადაცემით ნორვეგიელმა ბიორნ იონსენმა ვერ ისარგებლა, რომელმაც ახლო მანძლიდან თავით ბურთი კარს ააცილა.
26-ე წუთზე „დინამოს“ კაპიტანი თავისი საჯარიმოდან თანაგუნდელს პასს უკეთებდა, მაგრამ ფეხი ფეხში მოირტყა და ბურთი კოხრეიძეს ჩააბაფრა, რომელმაც მასპინძლები ორი ბურთით დააწინაურა – 2:0. კოხრეიძემ გოლი ქუთაისელთა ფან-კლუბის „ჯუნგლების“ წევრებთან ერთად ემოციურად აღნიშნა.
ტაიმის დასრულებამდე ბევრი დროს არ რჩებოდა, რომ კოხრეიძის შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ, მაქაცარიამ ბურთი არადამაჯერებლად მოიგერია და საჯარიმოში მყოფმა ღუდუშაურმა ხელსაყრელი პოზიციიდან ცუდად დაამატა.
მსაჯის მიერ დამატებულ მე-13 წუთზე ირაკლი იაკობიძემ თავის საჯარიმოში იონსენი წააქცია და ალეკო აფციაურმა პენალტი დანიშნა. ნორვეგიელი უკვე დასარტყმელად ემზადებოდა, რომ აფციაურმა ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა და გადაწყვეტილება არ შეცვალა. იონსენის დარტყმული ბურთი მაქაცარიამ მოიგერია.
მეორე ტაიმის დასაწყისში „ტორპედოს“ კაპიტანი მერაბ გიგაური პასის გაკეთების მცდელობის დროს წაიქცა და ბურთი საჯარიმოში ნიკა ნინუას მიუვიდა, რომელმაც ახლო კუთხეში დაარტყა, მაგრამ სერბმა ფილიპ კლიაიჩმა ბურთი კუთხურზე უკუაგდო.
დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და ქუთაისელებმა მიმდინარე სეზონში მეორე თამაში მოიგეს – 8 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა, ხოლო ვლადიმერ კაკაშვილის თავკაცობით „დინამოს“ 11 ქულა აქვს და მეხუთეა.
ტორპედო 2:0 დინამო თბ 
ლაშა თაბაგარი