დავითაშვილის კიდევ ერთი საგოლე პასი

0
24

ზურიკო დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში კიდევ ერთი საგოლე პასი მიითვალა.
29-ე ტურში ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა „სენტ-ეტიენმა“ „ბრესტი“ მიიღო და გუნდებმა უხვგოლიან დაპირისპირებაში ქულები გაიყვეს – 3:3.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და 34-ე წუთზე მისი ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, კარდონამ თავით ანგარიშ გაათანაბრა – 2:2. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან აპიამ მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმა დავითაშვილმა თავით დაარტყა და ბურთი ისე მოიჭრა, რომ მეკარეს აღების შანსი არ ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ზედა ძელს მოხვდა.
24 წლის დავითაშვილმა ამ სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 27 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. „სენტ-ეტიენი“ 24 ქულით 18 გუნდში ბოლოსწინაა.
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 35-ე ტურში „გრანადამ“ გასვლაზე „ალბასეტეს“ 2:0 სძლია. გამარჯვებულებში ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. „გრანადა“ 55 ქულით 22-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი