სრულყოფილი ფეხბურთელი – ამ სიტყვებით მცირე რაოდენობის მოთამაშის ასპარეზობა მოიხსენიება. მსოფლიოს ფეხბურთელთა ამ მოკლე ჩამონათვალში ალექსანდრე ჩივაძეს ღირსეული ადგილი უკავია. თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტნის გამოსვლას ბევრჯერ აღტაცებაში მოუყვანია ფეხბურთის ქომაგები. 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას ერთ-ერთმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჩივაძე “პროფესორად” მოიხსენია, რაც ზუსტად ასახავს ჩივაძის მრავალმხრივ საფეხბურთო ნიჭსა და შესაძლებლობებს.
მინდორზე ალექსანდრე ჩივაძეს ყველა საფეხბურთო ელემენტის შესრულება და მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე თანაბარი ძალით ასპარეზობა ხელეწიფებოდა. ამ თვისებების წყალობით ჩივაძემ ქომაგებს საფეხბურთო დღესასწაული ბევრჯერ მოუწყო.
35-ე საფეხბურთო სკოლის და “ნორჩი დინამოელის” აღზრდილი საშა ჩივაძე 1973 წელს თბილისის “დინამოში” აიყვანეს. “დინამოში” დამრიგებლები იცვლებოდნენ, მაგრამ უცვლელი რჩებოდა მწვრთნელთა დამოკიდებულება ახალგაზრდა ნახევარმცველისადმი. 1976 წლიდან კი, “დინამოში” ნოდარ ახალკაცის მოსვლის შემდეგ, ალექსანდრე ჩივაძის საფეხბურთო ცხოვრებაში ახალი, თვისობრივად სხვა პერიოდი დადგა. საშამ საკავშირო ჩემპიონატების ბრინჯაოს ორი მედალი და საკავშირო თასი მოიპოვა. მომდევნო ჩემპიონატში ჩივაძეს ვერცხლის მედალი ერგო, 1978 წელს კი ჩემპიონის ტიტული მოიხვეჭა. იმავე სეზონში ჩივაძემ შოთა ხინჩაგაშვილთან ერთად ცენტრალურ მცველთა წყვილი შექმნა და ამ პოზიციის ფეხბურთელთა შორის ეს დუეტი “დინამოს” ისტორიაში საუკეთესოა.
მანუჩარ მაჩაიძესთან, ვიტალი დარასელიასა და დავით ყიფიანთან ერთად ალექსანდრე ჩივაძე გუნდის მთავარ ღერძს ქმნიდა, რომლის ირგვლივაც იქმნებოდა “დინამოს” თამაში. სწორედ ცენტრალური მცველი იწყებდა შეტევათა უმრავლესობას და ხშირად დამაგვირგვინებლის როლშიც გვევლინებოდა. ჩივაძეს კარიერის განმავლობაში 80 გოლზე მეტი აქვს გატანილი. ამ რაოდენობის გოლების ავტორს “ბომბარდირად” მოიხსენიებენ, არადა, ალექსანდრე ჩივაძე ამპლუით მცველი იყო.
“ფეხბურთის პროფესორმა” ჩივაძემ არაერთი ულამაზესი ბურთი გაახვია მოწინააღმდეგეთა კარის ბადეში, თუნდაც 1981 წლის თასების თასის მეოთხედფინალში ლონდონში “ვესტ ჰემთან” გატანილი ბურთი გავიხსენოთ. ჩივაძის კაპიტნობით ის ტურნირი თბილისის „დინამოს“ ტრიუმფით დასრულდა.
ჩივაძის დიდ ავტორიტეტზე მეტყველებს, რომ 1980 წელს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, “33 საუკეთესოთა” შორის ექვსჯერ დააყენეს თავის პოზიციაზე პირველ ნომრად, ხოლო 2004 წელს, ფეხბურთში გაწეული ღვაწლისთვის, ფიფამ ალექსანდრე ჩივაძე ლალის ორდენით დააჯილდოვა.
ჟურნალი “ათიანი” და ვებგვერდი ATIANI.GE ალექსანდრე ჩივაძეს 70 წლის იუბილეს საუკეთესო სურვილებით ულოცავს.
გოჩა კაჭარავა
