„ვოლფსბერგი“, რომელშიც სანდრო ალთუნაშვილი გამოდის, ავსტრიის თასის ფინალში გავიდა. 1/2-ფინალში „ვოლფსბერგი“ სტუმრად ლასკს დაუპირისპირდა და მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. გამარჯცებული ვერც დამატებითმა 30 წუთმა გამოავლინა, ხოლო პენალტების სერიაში ალთუნაშვილის გუნდმა 4:2 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, რომელსაც მიმდინარე სეზონში არ წყალობენ, განაცხადში არ იყო.
„ვოლფსბერგი“ თასის ფინალში 1 მაისს „ჰარტბერგს“ შეხვდება.
კვიპროსის ჩემპიონატის საჩემპიონო ჯგუფის მე-3 ტურში ლიმასოლის „არისმა“ ლიდერი „პაფოსი“ მიიღო და 0:1 დამარცხდა. მასპინძლებში ჩვენი ეროვნული გუნდის ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშა. „არისი“ 65 ქულით 6 გუნდში მეორეა და პირველ ადგილზე მყოფ „პაფოსს“ 6 ქულით ჩამორჩება.
აპოელმა შინ ლარნაკას აეკ-თან 0:1 წააგო. დამარცხებულებში საქართველოს ნაკრების მცველ ლაშა დვალს არ უთამაშია. აპოელი 44 ქულით ბოლოა.
ლაშა თაბაგარი





