19-წლამდელები ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდნენ

0
55

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდა. ლაშა ფირცხალაიშვილი გაწვრთნილები ელიტ რაუნდში ჯგუფში ბოლო მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდნენ და ქულაც ვერ აიღეს.
„მიხეილ მესხი 2“-ზე გამართული შეხვედრის მე-7 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შესული საბა სამუშია ერთ მცველს გაცდა და პასი გუნდის კაპიტან საბა გეგუჩაძეს გადააწოდა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი დაამუშავა, ხოლო მეორეთი ანგარიში გახსნა – 1:0.
ტაიმის შუაწელში ალექსანდრე ფეიქრიშვილმა დაახლოებით 20 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში ჩვენი გუნდის შეტევის დროს მარჯვენა ფლანგიდან გიორგი გოგსაძემ საჯარიმოში ჩააწოდა და ვახტანგ სალიას ერთი შეხებით დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა,
საქართველოს ნაკრებს ტემპი არ დაუგდია და კარგი კომბინაციის შემდეგ, მონტენეგროელთა საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ სამუშიას მეკარემ არ გაატანინა. რამდენიმე წუთში მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში გაკეთებული გადაცემის მერე, სალიამ დაარტყა და ამჯერად, ბურთი გვერდითმა ძელმა აისხლიტა.
39-ე წუთზე  ბულატოვიჩმა ჩვენს საჯარიმოში პეროვიჩი მოძებნა, რომელმაც მარცხენა მახვილი კუთხიდან დაარტყა და მათე საურმა აშკარა შეცდომა დაუშვა, როდესაც ბურთი თავის კუთხეში გაუშვა – 1:1. 57-ე წუთზე კამაი ჩვენს ნახევარზე ცოტნე ბერელიძეს გაცდა და დაახლოებით 23-24 მეტრიდან „ცხრიანში“ გაიტანა – 1:2
69-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა კუთხური ჩააწოდა და ბალკანელთა საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა ალექსანდრე ამისულაშვილმა მოიგო, ხოლო ნიკა ჩიქოვანმა ვარდნაში ეფექტური დარტყმით ანგარიშის გათანაბრების შანსი ხელიდან გაუშვა. 88-ე წუთზე პეროვიჩმა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა და კოსტიჩმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მონტენეგრომ 7 ქულით ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებასთან ერთად, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. მეორე ადგილზე პოლონეთი გავიდა, რომელმაც პარალელურად გამართულ თამაშში სლოვაკეთს 2:0 აჯობა და 6 ქულა აიღო. საქართველომ 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო ბოლოადგილოსანმა სლოვაკეთმა მხოლოდ ქულა აიღო.
ლაშა თაბაგარი