სტადიონი – ერთობაზე დამყარებული სიხარულის განსაცდელი ადგილი

0
37

…ბავშვობაში იყო ხოლმე დალოდება, დინამო როდის თამაშობს შემდეგს თბილისში. უფრო მოწესრიგებულებს კალენდარიც ჰქონდათ და გარუნ აკოფოვის ცნობარიც, სადაც შეგეძლო მთელი წლის კალენდარში ანგარიშებიც მიგეწერა. რასაკვირველია, ყველა ანგარიშის ჩაწერა მოსაწყენიც კი იყო: რაში გჭირდებოდა როგორ დამთავრდა კაირატი სკა რასტოვი, მაგრამ ჩვენს ანგარიშებს კი ჩავწერდი ხოლმე და იქავე გოლის გამტანებს მივაწერდი. ვერ იყო ლამაზი იერის და ჩაწიკწიკებული, მაგრამ არაფერს ჯობდა. ჩემი ამხანაგი ჩვენების მიერ გატანილ გოლებს ხატავდა სკოლის სახატავ რვეულში. ეს საინტერესო იყო, რადგან გოლებს ვეღარსად ნახავდი-  გაიმეორებდნენ, თუ რა. მერე კი შემოვიდა საკავშირო საფეხბურთო მიმოხილვა, მაგრამ, იქაც, ეგებ არც ეჩვენებინათ.
ცხრილებს და მატჩისთვის პირად მზადყოფნას რომ დავუბრუნდეთ, კიდევ უფრო მოწადინებულებს და მოწესრიგებულებს შავუჯრედებიანი დახაზული ცხრილიც ეკრათ კედლებზე და ჩემპიონატის ყველა ანგარიშს ჩაწერდნენ, საბოლოოდ კი, ბურთების სხვაობასაც გამოთვლიდნენ, ქულებსაც და ჩემპიონსაც ერთიანს ჩაუწერდნენ შესაბამის უჯრაში. ეგ ცხრილები ლამაზად უნდა ყოფილიყო დახაზული. ეგრე ცალკე, კედელზე გასაკრავი არ იყიდებოდა და კაი მხაზველი სჭირდებოდა.
ეს ცხრილები მატჩისთვის მზადების ამბავში გამახსენდა.
ანუ, როდის თამაშობს საქართველოს ნაკრები?
რაც მეტი, მით უკეთესი. ეს ერთა ლიგა პირდაპირ ცხონებაა ჩვენს ფეხზე წამოდგომის კვალად: შემოდგომაზე მაგის თამაშები, გაისიდან კი, შესარჩევი ჯგუფისაც. ეს ნიშნავს, რომ ბევრჯერ ვნახავთ ჩვენს ნაკრებს, რომელმაც მონატრება დაიწყო და სიმართლე ითქვას, ევრო 2024-ის შემდგომ,  სექტემბრის ორი თამაში რო გადაგორდა ამხელა სიხარულით, ამდენ წელიწადში პირველად ვიფიქრე, ოქტომბერი როდის მოვა-თქო.
ეგებ ეს კარგს არც მეტყველებდეს გულშემატკივარზე, მაგრამ რომ არ დავმალო, კარგა ხანს, ნაკრები რო რამეს იზამს, იმის მოლოდინი არ იყო და  ჩვენი თამაშის  შედეგზე ფიქრი, რომ რამე კაი მოხდეს – იშვიათად: რა დასამალია და ჩვენს ფეხბურთის სტატისტიკოსებს, სრულიად განსაკუთრებულ ხალხს, ამის შესახებ ათასი ქაღალდი აქვთ.
ვინ როგორ ელოდა, ცხადია, თითოეული გულშემატკვრის საქმეა.
გულშემატკივრის ამბავი კიდევ სულ სხვაგვარადაა:
ახალმა ნაკრებმა გულშემატკივარი სოციალურადაც შეცვალა. სრულიად სხვა ხალხია სტადიონზე: ორმოცდაათი წლის წინადელთან შედარებით კი არა, ხუთი წლის წინადელთან შედარებითაც. ახლა გულშემატკივრებს შორის ბევრმა აღარავინ იცის, რომ ალავესის ორიანი ბარსელონაში ოჯახს ანგრევს, თან ჩაწყობილია და თან ბანკი მოვა.
ამ ახალი, ურბანული გულშემატკივრობის სადავეები, ჩვენში როგორღაც არსებული საშუალო ფენის ხელშია, რომელსაც უპირატესად ჯერაც თავისუფალი ახალგაზრდები, რომლებიც ბუნებრივად გადაეჯაჭვნენ ძველს, რაც მშვენიერია.
ამ ამბავში მხოლოდ  ნაკრების გულშემატკივრობა იგულისხმება. ალბათ საკლუბო სხვანაირადაა.
ნებისმიერი ფანკლუბი სოციალურია. ისე, ის ძალით არსებობს. ფეხბურთში დარჩენილია სოციალური ელემენტი, რომელიც ძლიერია. მოწინავე საფეხბურთო ქვეყნებში ის არსებობს იმის მიუხედავად, რომ ეს თამაში ასეთი ბურჟუაზიული არასდროს ყოფილა. როგორც კი ტრიბუნებზე და არა აუცილებლად ტელევიზორში, საბოლოოდ განადგურდება სოციალური ელემენტი, ფეხბურთი კომპიუტერში დარჩება და ის იქნება ეგზოტიკა, რომელიც მხოლოდ ტოტალიზატორს აინტერესებს. არის სპორტის ასეთი  სახეობები.
ნაკრები სხვა ამბავია, რადგან ის გამაერთიანებელია. გახარებაც და გულის გატეხვაც სხვანაირი იცის. ქართველმა კლუბებმა რომ გადამწყვეტი ნაბიჯი წადგან წინ, ეს დიდებული იქნება, მაგრამ დღევანდელ ფეხბურთში ჩვენი პირველი იმედი ნაკრებია და ასე იყო თავიდანვე. იმედი მიდის და მოდის, ნაკრების სულ არის, ისევე როგორც სტადიონი. ჩვენ იქ მშობლიურ ერთობაზე დამყარებული სიხარულის განსაცდელად მივდივართ.
ფეხბურთის გულშემატკივარი არასდროს დაგიჯერებს, თუ საბოლოოდ რაღაცას არ მოიგებ.  ერთი გამონაკლისია, ის რამდენიმე ათასი კაცი, რომელიც სულ მოვა. საოცარი ხალხი: როცა იგებ ათი ათასობით გესწრება და როცა ას წელიწადს აგებ, ეგ რამდენიმე მაინც მოდის.
დინამო რომ ჩავარდა 1982 წლის შემდეგ, მის თამაშზე ჩვენი სტადიონი აღარ გავსებულა. ერთგულების ლატარია შემოიღეს: დაესწარი და მანქანას მოიგებო – დინამო თუ მიყვარს, მანქანის მოგება რად მინდა?
ის, რომ წაგებით ისახელებ თავს, ფეხბურთში ცუდად მუშაობს და იმ საღამოს იქით ძნელად გაძლებს. ასეა ფეხბურთში და საწყის სიღარიბეში და სამწუხაროდ ფეხბურთი რაგბი არაა, რომ დალეწილი, რაინდად ითვლებოდე და  შინაც, რიცხვებში გამოხატული ვერაფერი მიიტანო.  ფეხბურთი თავისუფლების თამაშად ჩამოყალიბდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ბურთი ან მიწაზე დაგორავს, ან ჰაერშია და დიდი ალბათობით, ყოველთვის არავისია.
ევრო-2024 ჩვენი პირველი დიდი შეჯიბრება იყო და ის ოთხი თამაში ჩვენი ისტორიის გარდამტეხი ფურცელია, ისევე როგორც ამ თამაშებისკენ სვლის მძიმე და ძლიერი ისტორია.
როცა საქართველო კარში გაუტეხლად იდგა და უძლებდა, წინ კი იშვიათად და ჭკვიანურად გადადიოდა,  ეს აღგვაფრთოვანებდა, რადგან  ვიცით, რომ ჩვენი მთელი ისტორია ეგაა, რო კარში ვიდგეთ და არ გავატარებთ იქამდე, ჩვენ დროს კი ველოდებით.
ეს აღგვაფთოვანებს, მაგრამ მაინც არ გვაბედნიერებს, რადგან ვიცით, რომ რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ჩვენი ფეხბურთის შინაგანი ტაქტიკა არ ჰგავს ჩვენს ისტორიას. ჩვენი ფებხურთი შეტევისაა. უარესია, თუ უკეთესი, მან ყოველთვის ერთი უნდა აკეთოს: შეუტიოს და თან ისე შეუტიოს, რომ ეს ლამაზი იყოს. ეს განაპირობებს ჩვენთან ხალხის და ფეხბურთის კავშირს. ამიტომაა, რომ ევროპის ჩემპიონატს მოდევნებულმა ორმა გამარჯვებამ ნამდვილი ბედნიერება მოიტანა.
ეს გაგრძელება იყო – აღმასვლის ნიშანი, ასე კარგად დაკავშრებული ფეხბურთის  ჩვენს წარმოდგენასთან, რასაც სხვანაირად, სიყვარულიც შეიძლება ეწოდოს.
ამგვარად ბევრგანაა. ცხადია, ჩვენზე დიდ ქვეყნებში და ვითომ გასაკვირი არ უნდა იყოს. იოჰან კრუიფი ამბობს, ფეხბურთის არსი მაყურებლის სიამოვნებაა, უპირატესად არა შედეგის, არამედ სანახაობის მხრივ და იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ფეხბურთი თამაშიაო.  შედეგი მნიშვნელოვანია, მაგრამ ფეხბურთის არსში მისი ცოცხლად მიმდინარე სანახაობა ძევს.
ამიტომაც, თამაში სულ სხვაა, ისტორია კი – სხვა.
ოღონდ, ჩვენ განსაკუთრებული ისტორია გვაქვს: საბჭოთა კავშირმა  შიდასაკავშირო აღიარება მოგვანიჭა, მაგრამ მსოფლიო მოგვისპო.
ვერ მივაწვდინეთ მსოფლიოს ხმა, ისე როგორც გვინდა და ამის გამო სიმშვიდეც არა გვაქვს. თორემ ხინკალი და ხაჭაპური, იცოცხლე, ყველას მოსწონს.
მსოფლიო ადამიანის მეხსიერების მარტივ რუკაზე სამუდამოდ დასაბეჭდად ამჟამინდელ ყოფაში სულ ორიოდე რამეა და იქედან ერთია ფეხბურთი.
საერთო სიხარულის აღიარების ძიებაში, ნეაპოლის საფრენი რეისები გადაიხუნძლა, მატარებლებზე რომ აღარაფერი ითქვას. ასეთი სიხარული, აბა, რამდენ ხანს არ ყოფილა, თან მთელს სეზონზე გაფენილი, რაც ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი თამაშის ამბავი იყო, მაგრამ ნაპოლი სულ ჩემპიონი ვერ იქნება. ამიტომ ჩვენს ნაკრებზე ვფიქრობთ, რაც ბუნებრივია.
ისევ კრუიფის რომ გავიხსენო: რეალში ვიყავი სტუმრადაო და ნორჩების ამბავი მოვიკითხეო და მითხრეს, ეს რეალია, რა ნორჩები, ვისაც  ხელს დავადებთ, აქ მოვაო.
ამ დროს, რეალის დიდი მოსამზადებელი სისტემა აქვს და კასტილია ჰყავს. არცთუ შორეულ წარსულში კვინტა დელ ბუიტრეს ისტორია გადამწყვეტი იყო, რაც სწორედ მის შიგნით აღზრდილების პირველობას გულისხმობს. კრუიფს ღრმად სწამდა იმისა, რომ ფეხბურთელები შინიდან იწყებენ და ეს სწორია.
ოდესღაც, როცა გლაზგოს სელტიკმა ბრიტანელთაგან პირველმა მოიგო ჩემპიონთა თასი, სასტარტოს თერთმეტი მოთამაშიდან ცხრა, არა თუ ერთი ქალაქის, ან დიდი უბნის, არამედ სამეზობლოს ბიჭები იყვნენ.
ეს დიდებულია და თუმცა, ხილულად სრულად გამქრალი, რადგან ქუჩა მთელ მსოფლიოში მოკვდა.  მისი ადგილი კი, მგონი, აკადემიებს უჭირავთ. თუ ჩავუკვირდებით, ჩვენი ნაკრების ხერხემალიც ასეთი ამბავია:
მთელი ევრო-2024-ის ზაფხულის განმავლობაში ვხედავდი ფოტოებს, რომლებიც კრიშტიანო რონალდუმ ნორჩ დინამოლებთან ერთად გადაიღო და აგე, ჯერ კიდევ ბავშვები რომ იყვნენ და ეს ახლა დიდებულად თამაშობენ ჩვენს ნაკრებში – თვით რონალდუსაც კი მოუგეს, ბებერს მარა, მართლა მოუგეს.
დინამო აკადემიის ამბავია და საერთოდ, აკადემიების. მგონი, ჩვენნაირი ქვეყნებისთვის მთავარი ნიჭის აღმოჩენა, არდაკარგვა, აღზრდა და განვითარებაა, თორე გოლდენ სთეით ვორიორზს ჩვენ აქ ვერ  გავაკეთებთ და ვერც ინტერ მაიამის. არც გვაწყობს, სულ რომ ჯიბე ამოვიფხიკოთ.  გზა სხვაა, მაგრამ ძალიან საინტერესო და კარგი.
ახლა სულ ლაპარაკია, რამდენ წელიწადს ვერ ახერხებდა ჩვენი ნაკრები რამეს.
ეს ბრალდება ყველაფერს: ფეხბურთს, თაობებს, პოლიტიკოსებს, ფედერაციებს სხვა რამეებსაც.
მსოფლიოში ისეა, რომ ფეხბურთს მმართველი დაწესებულები ჰყავს. ფიფა, უეფა და ასე კონტინენტების მიხედვით, იმათ სახელებს  ვინ დაიმახსოვრებს. ყველა საფეხურთოდ აღიარებულ ქვეყნასაც ჰყავს ამ ფიფა-უეფათა ხელქვეითი სამმართველოები და ამბობენ, რომ ფეხბურთის განვითარება ამათზეა დამოკიდებული.
ჟოაო აველანჟამდე, ასე არ იყო: ფული იმან მოიტანა ფეხბურთის განვითარებაში და მსოფლიო დანერგვაში, ეგრე  ნახევარი საუკუნის წინათ, მარა დღეს, ეს ჟოაო, კორუმპირებულ მმართველად ითვლება და საერთოდ, ეფბიაის შევარდნები ბოლო ათ წელიწადია ფიფა-უეფას და იმ უფრო პატარების მექრთამეობას ამხელს.
ფეხბურთის უხუცესთათვის უცხო არაა მექრთამეობა. ფეხბურთის მმართველობა მეტად კორუპირებულ მმართველობად წარმოჩნდა მსოფლიოში. საბედნიერო ისაა, რომ მკაცრ კანონთა მიუხედავად, ფეხბურთი იმგვარი თამაშია, რომ მის მოხელეთა ვერაგი ნაწილი საკუთრივ სპორტს დიდად ვერ აფუჭებს, რადგან ის უკიდურესად სახალხოა. მომხდარა, მარა, იმაზე წიგნებია დაწერილი.
თანაც, ყველაზე საეჭვო ფეხბურთის მმართველებსაც კი ყოველთვის უნდოდათ, რომ ფეხბურთი კარგი ყოფილიყო: სხვანაირად, თამაშს არავინ უყურებს. არც სტადიონზე, არც ტელევიზორში, არც ტელეფონში და ლაივსქორსაც კი აღარავინ გახსნის.
უცნაურია, თუ არა, ფეხბურთის მმართველობის მთავარი დამსახურება შეიძლება იყოს ნაკრებისთვის სწორი მწვრთნელის დანიშვნა მოცემულ ვითარებში და მერე მისთვის ხელის არშეშლა, სანამ გულშემატკივრები სულ არ გადაირევიან წარუმატებლობით.  ამის პარალელურად, გადასარევია, თუ ფეხბურთის უხუცესი დიდმოხელენი ქვეყანაში ფეხბურთს უშურველად ავითარებენ. ამის მსოფლიო მაგალითები არსებობს და ფიფა-უეფა დიდადაც ეხმარება, როგორც ირკვევა ხოლმე. მეტი საჭირო არაა, რადგან ფეხბურთი სახალხო თამაშია და იმის წახდენის ბოლო ძალა ჩრდილო კორეის ტელევიზიით არსებობაა.
საერთოდ, ფეხბურთის მესვეურნი, თუ ისინი საფეხბურთოდ ნამეტანი განვითარებულ სამყაროში არ არიან, ხშირად ულამაზოდ იქცევიან ხოლმე. ზოგან ხილულად, ზოგან უხილავად. თუმცა,მნიშვნელოვანია ისიც, რომ სადაც ფეხბურთი მეორადია, თუნდაც ამერიკა იყოს,  ამ თაღლითებს ხელ-ფეხი მეტად გახსნიათ პოლიციის მოვარდნამდე.
რახან ჩვენ მაღალხმოვანი ხალხი ვართ, უფრო ყველასთვის დასანახად ულამაზოდ ვირჩევდით ფეხბურთის წინამძღოლებს. ჩვენ რას ვირჩევდით, მთავრობის გარევები და ამბავი. ეგ ბევრჯერ ყოფილა: სულ სხვადასხვანაირად. ვის როგორ სჭირდებოდა.
საერთოდ, სპორტის პოლიტიკურობაზე ჯერ აღელდა ჰიტლერი, მერე მისი მომგებიანობა შეიგრძნო  სტალინმა, რახან ჰიტლერი ადრევე წახდა და სტალინს მიყოლობით ესესერი და ყოველი დიქტატურა მსოფლიოში დაეწაფა სპორტის მოხმარებას, ხოლო ფეხბურთში ეს  გამოვიდა მადრიდის რეალი ფრანკოს ესპანეთში და  ბრაზილიის გენერლებიც თავისთავად პელეს დროისა და იმის მერე,  ყველა ნაძირილა, თუ ფეხბურთის ძალას ხედავს, იმის სიყვარულის აუდიო-ვიდეო-ფოტოს ცდილობს. ამის გამო, წესიერი ხალხიც ხშირად გაიმეორებს,  ფეხბურთიც პოლიტიკააო.  უბრალოდ პოლიტიკას მოსახმარისები უყვარს: სასარგებლოდ დაინახავენ და ექაჩებიან და თუ არის ამიტომ. თამაში როგორ იქნება პოლიტიკა. როგორც ბორხესმა იკითხა, ჰოლანდია დავამარცხეთ, რას ნიშნავს, არგენტინის ჯარი როტერდამში შევიდა?
ამიტომ,  რაც ფეხბურთის თამაშს და მის მეურნეობას ზემოდან ადევს, გულშემატკივრობის გარდა, ეგ სულ ხელოვნურია.
ეს საუკეთესო თამაშია სამყაროში და ამიტომ, სახალხო, რაც ძალიან ბევრს გულისხმობს და პოლიტიკა აღარ უნდა. არ უხდება უბრალოდ, თორემ რა უნდა დააკლოს მარადიულობაში.
ფეხბურთი პროფესიული და უპირატესად საკლუბო სპორტია. მისი ძალაც ესაა, მასობრიობასთან ერთად. ქვეყნის საფეხბურთო ერთობის, ამ თამაშთან მისი კავშირის გამოხატულება, ნაკრებია.
საბჭოთა ვითარებით, თბილისის დინამო იყო საქართველოს ნაკრები ნახევარ საუკუნეს, როცხვებით ცოტა აღმა, ან დაღმა. ერთი მხრივ,  თითქოს, ეს კარგი იყო, რადგან უკეთესი საშუალება არ არსებობდა. მეორეს მხრივ, ეს სწირავდა ბევრ მოთამაშეს სიმცირისკენ, რადგან მათგან უკეთესების, მშობლიურ კლუბში წინსვლას და ამით კლუბის განვითარებასაც ხელს უშლიდა. რა თქმა უნდა, დინამოს მთელი ქვეყანა გულშემატკივრობდა, როგორც ნაკრებს, მაგრამ როგორც კი დამოუკიდებელი საქართველოს ჩემპიონატი გამოცხადდა, დინამოს თამაშზე მისი სტადიონის ტრიბუნები ერთადერთხელ გაივსო – ჩემპიონატის გახსნის დღეს.
მის გულშემატკივართაგან ბევრს აღარავის აინტერესებდა, როგორც კლუბი, რომელსაც ქართული კლუბების წინააღმდეგ უნდა ეთამაშა ამხელა სტადიონზე.
ჩვენ ნაკრებს ცუდი წლები ჰქონდა. საერთოდ, ჩვენი დამოუკიდებელი ფებხურთის დასაწყისიც არ იყო ისეთი, რომ პირდაპირ, სადღაც შევედით და ჩვენი შევუბერეთ. ქვეყანაც უკვე ომებით დაქცეული და ავტომატებიანი იყო და თან საერთაშორისო ფეხბურთში შებიჯების ლოდინიც არ გამოდგა მოკლე.
იმთავითვე დრამატული მდგომარეობა იყო – თბილისის დინამო მსაჯის მოქრთამისთვის გააგდეს მისი პირველი, დამოუკიდებელი ევროთასებიდან. ლინფილდი, ამბავი, შოთა შევარდა მარჯვნიდან, გადასარევად. რატომღაც წითელი მაისურები გვეცვა. თუმცა, ეგ კლუბი იყო, მაგრამ დასაწყისი ისეთი გამოდგა, როგორიც საქვეყნო ვითარება.
ნაკრებს უეფას შეჯიბრებამდე მისვლას დრო დასჭირდა. ოთხმოცდაათიანებში, მაინც ხდებოდა რომ გულშემატკივარი ფიქრობდა, რომ ნაკრები ჰაიდა, ვიღაც დიდებთან თანაბრად შემბრძოლებელი იყო, რასაც გუნდი ნამდვილად თავს აკლავდა. გაზეთებიც მოგებას ითხოვდნენ, თუმცა, პირველივე საევროპო თამაში შინ, მოლდოვასთან წაგებით დასრულდა და  წინ  საიმედო არაფერი ჩანდა, ფეხბურთელების თავდადების და ოსტატობის გარდა. მოლდოველებთან რო სახლში ვაგებთ, ესე იგი, რაღაც, ვერაა კარგად ჩვენი მაღალი გადმოსახედიდან.  მითუმეტეს, რომ ამხანგური თამაშები იმ მოლდოვამდე სულაც არ გვქონდა კარგი.
მაგრამ, აი, რა იყო, რომ ოთხმოცდაათიანების ნაკრები დაუვიწყარი თამაშების და ეპიზოდების ნაკრები იყო: იქ ქეცბამ გერმანიას პირველი გაუტანა, აქ უელსი დავანგრიეთ, იქაც ყაველამ სამი დიადი იტალიელი ერთი მოძრაობით მოატოვა და ვერ გაიტანა და ბევრი ასეთი, რომ აღარაფერი ვთქვათ გიორგი ქინქლაძეზე.
შესარჩევი ჯგუფიდან გასვლაზე ლაპარაკი არ ყოფილა, ჩვენ კი ყოველი წილისყრის წინ შესაძლო, უფრო კი სასურველ ქულათა ოდენობა გამოგვყავდა, რაც არასდროს გამართლებულა. ოთხმოცდაათიანების მოთამაშეებმა ახალი საუკუნის პირველ წლებშიც გააგრძელეს თამაში, იმასობაში პირველი უცხოელი მწვრთნელი, იოჰან ბოსკამპიც გამოჩნდა ცოტა ხნით. მერე უკეთესი მწვრთნელი, მერე თითქოს უფრო უკეთესი, მერე კიდევ მთლად უკეთესი და ასე ორ-ორ წელიწადს მოდიოდნენ და იმათში კი ყველაზე მაგარი თამაში იმ მწვრთნელმა მოიგო, რომელმაც ორიოდე თამაშში უმეთაურა ნაკრებს: მალხაზ ასათიანის გოლით, თბილისში საქართველომ რუსეთი დაამარცხა ჩვენთვის დაუვიწყარ თამაშში.
რომ ვთქვათ, ეპიზოდებმა და დასამახსოვრებელმა თამაშებმა მაშინვე იკლო თქო, მთლად სწორი არ იქნება. მაგრამ ფეხბურთი ეგეთია, რომ უყურებ, ხვდები, საბოლოოდ რა შეგიძლია. ახალ თაობას თანდათან გაუჭირდა ევროპის ძლიერ ლიგებში მოხვედრა, თუ რა იყო, ეგ ცალკე საფიქრალია, მაგრამ ასე კი იყო, რომ მთელი ჩვენი საფეხბურთო ნიჭის გამოსავლენ საუკეთესო ადგილად, მოსკოვის ლოკომოტივი ჩამოყალიბდა.
ძველები ჯერაც შემორჩენილყვნენ ბუნდესლიგებში,ერეში, მთლად სერია ა-შიც, პრემიერლიგაშიც.შვიცარია-შოტლანდიაც არ იყო ცუდი. ახლები კი, მხოლოდ ფეხბურთის პერიფერიაზე თუღა მოხვდებოდნენ. ეგეც ხო თავისთავად ნიშანია. ის ოთხმოცდაათიანელები, ოთხმოციან წლებში აღზრდილი ფეხბურთელები იყვნენ, ახლები – ოთხმოცდაათიანებში. ეს მხოლოდ ოსტატობას არ ეხება, სოციალური ამბავიცაა. ევროპულ გუნდებში ფეხის მოკიდებას მხოლოდ ოსტატობის ნაკლებობა არ უშლიდა ხელს.
ჩვენი საფეხბურთო ორგანიზმის სახე, ნაკრებია.
ასე იყო აღიარების დღიდან. ამიტომ, ნაკრებს ზედ ეწერა ყველაფერი. მალხაზ ასათიანის დიდი ტალანტი, მის ლოკომოტივში მცველად დაწევაში გამოიხატა, მისი დაუვიწყარი გოლები კი, რუსეთისა და თურქეთის წინააღმდეგ, სწორედ იმ განსაკუთრებულ ეპიზოდებად დარჩა, რომ არ გავიწყდება. იქაც, შოტლანდია ჩამოვდა და მოვუგეთ, იქაც ხორვატიას,  იქაც ირლანდიასთან პენალტი მოგვიგონეს. ეს თითქოს სულ იყო და წლიდან წლამდე გრძელდებოდა. ლევან ყენიას მძიმე ტრავმამაც დიდი ძალა დაუკარგა ჩვენს ფეხბურთს. ჩამოთვლა, უმადურობას შეიცავს. ყველას ვერ ჩამოთვლი და ამიტომაც, ბოდიში. რამდენი კარგი დასაწყისი და რამდენი იმედი.

გიო ახვლედიანი