გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ში დეკემბერ-იანვარში გატანილი საუკეთესო გოლის ავტორი გახდა. ლიგა 1-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, გულშემატკივრებმა საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის მიერ მე-14 ტურში „ანჟერის“ კარში გატანილი ბურთი გამოარჩიეს. იმ შეხვედრაში მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა მიქაუტაძემ ფინტით ერთი მცველი ჩამოიცილა და მახვილი კუთხიდან ბურთი „ცხრიანში“ გაგზავნა. „ლიონის“ ფორვარდმა გამოკითხვაში მოსეს საიმონს („ნანტი“), ლუკას სტასინს („სენტ-ეტიენი“), აგუსტინ ბოაკის („სენტ-ეტიენი“) და მაგნეს აკლიუჩის („მონაკო“) აჯობა. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 21 მატჩში 5 გოლი და ერთი საგოლე პასია. მან საფრანგეთის თასზე 2-ჯერ ითამაშა და თავის ანგარიშზე 2 გოლი ჩაიწერა. გარდა ამისა, ევროპა ლიგაში 7 შეხვედრა ჩაატარა და თავი 2-ჯერ გამოიჩინა, პლუს 1 საგოლე პასი გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ში ოქტომბრის თვის საუკეთესო გოლის ავტორი ზურიკო დავითაშვილი გახდა.
ლაშა თაბაგარი
