ხვიჩა კვარაცხელია უკვე პარიზშია და უახლოს ხანში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგ პსჟ-სთან კონტრაქტს გააფორმებს, იუწყება იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
მანამდე, ფრანგული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ნაპოლი“ საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბის სანაცვლოდ 70 მილიონი ევროს მიიღებს. კვარაცხელია ფრანგულ გრანდთან ხელშეკრულებას 2029 წლის ივნისამდე გააფორმებს და მისი ხელფასი 7-7,5 მილიონი ევრო იქნება.
სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას დღეს გუნდის მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს პრესკონფერენციის შემდეგ წარადგენს.
კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ზაფხულიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, პლუს 29 საგოლე პასი გააკეთა. მან ნეაპოლელებთან ერთად 2022-2023 წლების სეზონში ჩემპიონის ტიტული მოიგო და იტალიის სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ამასთანავე მის მიერ ბერგამოს “ატალანტას” კარში გატანილი გოლი სეზონში საუკეთესოდ მიიჩნიეს.
გარდა ამისა, იმავე სეზონში იტალიის პირველობის საუკეთესო მეპასე გახდა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზიც მიიღო.
ლაშა თაბაგარი
