ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს, “ნაპოლისთან” დასამშვიდობებლად სპეციალური ვიდეომიმართვა ჩაწერა.
“მიჭირს და რთულია, მაგრამ დამშვიდობების დრო მოვიდა. აქ საოცარი დრო გავატარე, ერთად უამრავი მოგონება დავაგროვეთ. ბევრი საოცარი ემოცია განვიცადეთ. „ნაპოლი“ ჩემი სახლი იყო, სადაც თითოეული თქვენგანის დამსახურებით თავს საუკეთესოდ ვგრძნობდი. ის გზა, რაც ერთად გავიარეთ, ახლა თავში მიტრიალებს და ძალიან ემოციურია.
პირველი გოლი და განცდები არასოდეს დამავიწყდება. ჩემი პირველი ნაბიჯები „სტადიო მარადონაზე“ და თქვენი შეძახილები, ემოციები და მუხტი განსაკუთრებული იყო როგორც საშინაო, ასევე საგარეო მატჩებში.
ნეაპოლი საფეხბურთო ქალაქია, რომელიც ცხოვრობს და სუნთქავს ფეხბურთით. ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდი ისტორიის ნაწილი გავხდი. აქ ბევრი რამ ვისწავლე, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. გავიზარდე როგორც ადამიანი და როგორც სპორტსმენი. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ მაისურის ტარება.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც კლუბში მუშაობს: მწვრთნელებს, სტაფის თითოეულ წევრს, ჩემს თანაგუნდელებს და გულშემატკივრებს. გემშვიდობებით, მაგრამ თქვენ სამუდამოდ დარჩებით ჩემს გულში და იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ისევ შევხვდებით. ვიცი, ჩემი წასვლით გული ძალიან გწყდებათ, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერს გეტყვით. მინდა, წარმატებები გისურვოთ და ამ ქალაქს, ამ ხალხს სკუდეტო მოუტანოთ.
წასვლამდე ყველაზე მეტად აქ მოსვლა (დიეგო მარადონას მურალთან) მინდოდა. ეს განსაკუთრებული ადგილია. აქ განსაკუთრებულად იგრძნობა, რას ნიშნავს ამ ქალაქისთვის დიეგო. ამ ადგილს განსაკუთრებული ძალა და ენერგია აქვს. ნახვამდის, დიეგო! ნახვამდის, „ნაპოლი“ – ამბობს საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის გარემარბი.
კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ზაფხულიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, პლუს 29 საგოლე პასი გააკეთა. მან ნეაპოლელებთან ერთად 2022-2023 წლების სეზონში ჩემპიონის ტიტული მოიგო და იტალიის სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ამასთანავე მის მიერ ბერგამოს “ატალანტას” კარში გატანილი გოლი სეზონში საუკეთესოდ მიიჩნიეს.
გარდა ამისა, იმავე სეზონში იტალიის პირველობის საუკეთესო მეპასე გახდა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზიც მიიღო.
ლაშა თაბაგარი
