გურამ კაშიამ მიმდინარე სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატში თავისი მეორე გოლი გაიტანა. მე-18 ტურში ბრატისლავას „სლოვანმა“ „დუნაისკა სტრედა“ მიიღო და საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის წყალობით გაიმარჯვა.
კაშიამ სასტარტო შემადგენლობში ითამაშა და 69-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, სტუმართა მცველმა თავით ბურთი ცუდად მოიგერია, ხოლო მეტოქესთან მარტო მყოფმა ქართველმა ასევე თავით გაიტანა – 2:1. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და მოქმედი ჩემპიონი „სლოვანი“ 41 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.
საბერძნეთის რანგით მეორე ლიგაში „მაკედონიკოსმა“ გასვლაზე „იანინასთან“ 1:3 წააგო. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი ნიკა სიხარულაშვილმა გაიტანა, რომელიც ბერძნულ კლუბში თბილისის „დინამოდანაა“ განათხოვრებული. ის სასტარტო შემადგენლობაში იყო და „მაკედონიკოსში“ პირველი გოლი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი





