ვილი სანიოლი: “უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენი ადგილი აქაა”

0
54

ვილი სანიოლს სურს დაამტკიცოს, რომ საქართველოს ნაკრების ადგილი სწორედ მაღალი დონის გუნდებს შორისაა და თავის ფეხბურთელებთან ერთად მანამდე წარმატებას შემთხვევით არ მიაღწია. მან ამის შესახებ დღეს მიხეილ მესხის სახლობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილიც დაესწრო.
ვილი სანიოლი: “ბოლო 2-3 წელია, ძირითადად ერთი და იმავე ტაქტიკით ვთამაშობთ. ბოლო მატჩი ალბანეთთან, გარემოებებიდან გამომდინარე, გამონაკლისი იყო, თუმცა მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ტაქტიკური გადანაცვლებები. ეს გუნდისთვის არ არის კარგი. როდესაც ფეხბურთელები ჩამოდიან, მათ უნდა ჰქონდეთ კონტრეტული მონახაზი, თუ როგორ ითამაშებენ. ასე რომ, ტაქტიკის ხშირი ცვლა კარგი არ მგონია.
რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ, რომ დაცვაში არაერთი ვეტერანი ფეხბურთელი გვყავს. წარსულში ბევრი ცენტრალური მცველი გამოვცადეთ, ხვადაგიანი, კალანდაძე. ბევრია დამოკიდებული მოთამაშის განვითარებაზე. ახლა გვყავს გოგლიჩიძე, რომელზეც თვეების წინ არ ვსაუბრობდით, მაგრამ მოუმატა და ახლა ვფიქრობ, მას მიეცემა შანსი, ერთ თამაშს მაინც დაიწყებს სასტარტოში. შეიძლება ბევრი კანდიდატი ახლა არ ჩანს, მაგრამ შანსია, ეს ყველაფერი მალე შეიცვალოს.
“ლიონი”-“სენტ ეტიენი” ძალიან საინტერესო და ისტორიული დაპირისპირებაა, მაგრამ ჩვენთვის სხვა რამის გამოა საინტერესო. ჩემი სიმპათიები “სენტ-ეტიენისკენაა”, მაგრამ ჩვენს ორივე ბიჭს ვუსურვებ წარმატებას. ზუკამ ბოლოს ძალიან მოუმატა, ეს მარტო გოლებში არ გამოიხატება, მან სრული ადაპტაცია გაიარა. მიქაუტაძემ გუშინ ითამაშა და ძალიან მნიშნელოვანია, ეს წუთები გაზარდოს. თავდაჯერებული მიქაუტაძე ჩვენი ერთ-ერთი ლიდერია.
ეს ორი ფეხბურთელი ყოველთვის ჩემი გუნდის ნაწილი იყო, უბრალოდ, წინა შეხვედრის დროს ორივეს ტრავმა ჰქონდა. ნიკას სხვა პრობლემებიც ჰქონდა, უგუნდოდ იყო, თუმცა ახლა ორივე თამაშობს და გამოვიძახე კიდეც. მექვაბიშვილს ყოველთვის ვაფასებდი, მაშინაც კი, როდესაც არ თამაშოდა, სულ ვცდილობდი, რომ ჩვენი კოლექტივის ნაწილი ყოფილიყო. კვეკვეს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს როგორც მოედანზე, ისე გასახდელში. შემადგენლობიდან ამოვარდნენ ნონიკაშვილი და ალთუნაშვილი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ გუნდში კონკურენცია მაღალ დონეზეა. ეს მხოლოდ კარგია.
ალბანეთთან თამაშის მერეც ვთქვი, რომ სკამზე შემტევი რესურსის ნაკლებობა მქონდა. თამაშის წინ ტაქტიკა შევცვალე, არ გაამართლა. არაერთხელ ვუყურე ამ თამაშს და მეტს ვიმსახურებდით. რაც შეეხება მომავალ ორ თამაშს, ორივე ძალიან რთული იქნება. გვაქვს შანსი, დავამტკიცოთ, რომ ჩვენი ადგილი აქ არის, ამ დონეზეა, გუნდმა ბოლო 1 წლის მანძილზე ძალიან სწრაფ განვითარებას და წინსვლას მიაღწია. ამ ტემპის შენარჩუნება რთულია, ადრე თუ გვიან მოვიდოდა ნაკლებად წარმატებული პერიოდი. ბოლო ორ თამაშში ჩვენ ეს გამოვცადეთ, ახლა მნიშვნელოვანია, სტაბილურობა შევინარჩუნოთ და ხალხს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენი ადგილი აქაა, ამ დონის გუნდებთან. ყველამ ერთად ფეხბურთელებმაც, მწვრთნელებმაც, ფედერაციამაც, ერთად უნდა ვიმუშაოთ განვითარებაზე და იმედი მაქვს, ეს ორი თამაში ამის დამტკიცების საშუალებას მოგვცემ.
არაერთხელ აღვნიშნე, რომ რთულ ჯგუფში ვართ. ქართველი გულშემატკივრისთვის მნიშვნელოვანია გუნდის წარმატება და ისინი ფიქრობენ, რომ თუ ჩვენ ეს 2 თამაში მოვიგეთ, პირველ ადგილზე გავალთ. ჩემი, როგორც მთავარი მწვრთნელის დავალება კი ის არის, რომ სტაბილურობას მივაღწიო. მინდა, რომ პორტუგალიასთან თამაში გამონათება არ იყოს და ასეთ ძლიერ გუნდებთან თამაში შეგვეძლოს. ბოლო ორ მატჩსაც რომ გადახედოთ, დამეთანხმებით, რომ შეგვეძლო ორივეს მოგება, თუმცა ფეხბურთში ყოველთვის ვერ მიაღწევ სასურველ შედეგს. მთავარია, სახეზე იყოს განვითარება და კარგი თამაში. ახლა მნიშვნელოვანი იქნება შედეგი, მენტალიტეტისა და ხასიათის შენარჩუნება. უნდა გავიაზროთ, რომ ინდივიდი არ არის მთავარი, მთავარი გუნდია და თუ ეს გავითავისეთ, შედეგიც მოვა.
ვფიქრობ, რომ გუნდში კარგი განწყობაა. როგორც უკვე ვთქვი, ბოლო 1 წლის მანძილზე ძალიან სწრაფი პროგრესი გვქონდა. მოკლე პერიდოში ბევრი რამ მოხდა. ფეხბურთელებს ამის გადახარშვა სჭირდებათ. ხანდახან არის შრომის, კონცენტრაციის ნაკლებობა. ჩემი ამოცანაა, მათ ავუხსნა, რომ უწყვეტი შრომის გარეშე განვითარება შეუძლებელია. ხვიჩა ამის მაგალითია, მაგარი პირველი სეზონის შემდეგ მას ჩავარდნა ჰქონდა, თუმცა გააცნობიერა, რომ წარსული მუდამ უკან რჩება და შრომა და განვითარება უნდა იყოს უწყვეტი, რომ წარმტება მოვიდეს.
გულიაშვილი ოქტომბერში პირველად გამოვიძახე. მსურდა, უშუალოდ მენახა მისი შესაძლებლობები, მას კი ენახა, როგორ ვმუშაობთ და ადაპტაციაც გაევლო. ბოსნიის ჩემპიონატში მაღალი დონე არ არის, თუმცა ის პროგრესირებს და შანსიც კიდევ ექნება. რაც შეეხება გოგლიჩიძეს: ის ახლა ეროვნულ გუნდს სჭირდება. ვისაუბრეთ თუ არა მე და სვანაძემ? გამოძახებისა და არგამოძახების გადაწყვეტილებას ყოველთვის მე ვიღებ. სულ ვამბობ, ჩვენ ერთი გუნდი ვართ, იქნება ეს ფედერაცია თუ ახალგაზრდული ნაკრები, ყველასთან ერთად ვმუშაობ, მაგრამ მე ყოველთვის გამოვდივარ ჩემი გუნდის ინტერესებიდან. როდესაც ახალგაზრდა ფეხბუთელი სერია A-ში ასე თამაშობს, ის ეროვნულ გუნდში უნდა თამაშობდეს. წარმატებას ვუსურვებ ახალგაზრდულ ნაკრებს. მათი წარმატება ეროვნული გუნდისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმედია, ახალგაზრდული ნაკრების დონეზეც შევძელბთ დიდ ტურნირებზე თამაშს.
ჩემი გადმოსახედიდან, უკრაინის შემტევ ხაზს იმ თამაშში ბევრი მომენტი არ შეუქმნია, პრობლემა სხვა რამეში იყო. აგრესია გვაკლდა, სწორედ ეს იყო ჩვენი ძლიერი მხარე ამ მატჩამდე, ამიტომ, სწორედ ამ აგრესიისა და ინტენსივობის მოპოვება იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ამ 2 თამაშისთვის.
ჩემს ყველა მოთამაშეს ვუსურვებ, რომ წამყვან გუნდებში ითამაშონ. ეს გადასარევი იქნება მათთვის და ქართული ფეხბურთისთვის. კარგია, ჩაკვე იყოს ჩელსიში, ქოჩორა ბარსელონაში, ბუდუ ბაიერნში, მაგრამ სატრანსფერო ბაზარზე ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს არის იმის მიზეზი, რომ ეს ფეხბურთელები ახლა ამ დონის გუნდებში არ თამაშობენ. ერთადერთი, რაც შემიძლია მათ ვურჩიო, არის ის, რომ განაგრძონ შრომა. ტრანსფერი ყოველთვის რამდენიმე ფაქტორზეა ხოლმე დამოკიდებული”.
ალექსანდრე იაშვილი: “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 21-წლამდელებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი აქვთ. ყველამ ვნახეთ და ვიგრძნებით, რას ნიშნავს ევროზე თამაში. გულშემატკივრის როლი ძალიან დიდია და იმედი მაქვს, სტადიონიც გაივსება.
დიდი მნიშვნელობა აქვს, საფარი რა მდგომარებაშია. ბათუმის დინამომ ბოლო ტურები არ ითამაშა საკუთარ მოედანზე და დარწმუნებული ვარ, რომ მოედნის საფარი იდეალურ მდგომარებაში დაგვხვდება.
სიგუა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მთავარმა მწვრთნელმა, როგორც გახსოვთ, ევროპის ჩემპიონატის განაცხადშიც შეიყვანა. ახლა ის 21-წლამდელთა სიაშია. ბოლო დროს ტრავმები აწუხებდა, ახლა მიხარია, რომ ჯანმრთელად არის და მგონია, შეძლებს თავი დააღწიოს ტრავმებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნაკრები მხოლოდ თბილისში არ თამაშობდეს. ბათუმი მნიშვნელოვანი ქალაქია, მინდვრის საფარი განახლებულია. ნოემბერში ბათუმში თამაში კარგად გვაქვს დაცდილი და მგონია, რომ გულშემატკივართან ერთად გამარჯვებას მივაღწევთ. ბუდუ ძალიან კარგ სეზონს ატარებს, გუნდიც კარგად გამოიყურება. ახლა ბუდუსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ბუნდესლიგაში ავიდეს. მას შეუძლია მაღალ დონეზე თამაში, ეს არაერთხელ დაუმტკიცებია. ეს ნაკრებისთვისაც მნიშვნელოვანია – ბევრი ფეხბურთელი ტოპ ლიგებში”.
ფრანგი სპეციალისტის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრების შეკრებას 11 ნოემბერს საგურამოში დაიწყებს, ხოლო შემდეგ ბათუმში გადაინაცვლებს, სადაც 16 ნოემბერს ერთა ლიგის B ლიგის პირველი ჯგუფის მე-5 ტურში უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო 19 ნოემბერს ოლომოუცში ჩეხეთს შეხვდება. ჩვენმა გუნდმა უკრაინასთან სტუმრად 0:1 წააგო, ჩეხეთი კი შინ 4:1 დაამარცხა. სანიოლის შეგირდები 6 ქულით მეორე ადგილზე არიან და ლიდერ ჩეხეთს ქულით ჩამორჩებიან. ალბანეეთი 6 ქულით ჯგუფში მესამეა. უკრაინას 4 ქულა აქვს და ბოლოა.
ლაშა თაბაგარი