რამაზ სვანაძე: “შანსი გვექნება რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ”

0
61

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრ პლეი-ოფში ხორვატიასთან დაძაბულ მატჩებს ელოდება, მაგრამ დარწმუნებულია, რომ შანსი ექნებათ, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენონ.
რამაზ სვანაძე: “ძალიან დაძაბული და საინტერესო თამაშები გველოდება. დეტალურ ანალიზს დღეს ვერ გავაკეთებ, იმიტომ, რომ წილისყრა ახლახან დასრულდა. ხორვატია ძალიან კარგი გუნდია – მისი ახალგაზრდული სექტორით და ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელით. რთული თამაშები გველოდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი შანსი გვექნება, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.
დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორი მომზადებული და როგორი სათამაშო ფორმით შევხვდებით ამ მატჩებს. იქნება დაძაბულობა, მაღალი სტრესის თამაშები. ეს იქნება მატჩები, რომელიც ყველას წაგვადგება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ გავალთ. სიმართლე გითხრათ, პირველი თამაში სტუმრად მერჩივნა, მაგრამ ახლა უკვე ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. ვფიქრობ, ყველაფერი საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება. ამიტომ, ორივე თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და შესაბამისად უნდა მოვემზადოთ.
სახლის თამაში ჩვენთვის ყოველთვის დამატებითი სტიმულია, დარწმუნებული ვარ, სტადიონი შეივსება, დიდი მხარდაჭერა გვექნება, ჩვენთვის გულშემატკივარი მე-12 მოთამაშე იყო, რაც დამტკიცდა წინა ევროპის ჩემპიონატზე და ყველას მოვუწოდებ, რომ მოვიდნენ სტადიონზე და მხარი დაგვიჭირონ. ჯერჯერობით ვერ გიპასუხებთ შემადგენლობაზე, ერთადერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მზად შევხვდეთ ამ მატჩებს”.
საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს შინ ითამაშებს, ხოლო 19 ნოემბერს ხორვატიაში. წყვილში გამარჯვებული 2025 წელს ევროპის პირველობაზე გაემგზავრება, რომელიც სლოვაკეთში 11-დან 28 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
ლაშა თაბაგარი