ზურიკო დავითაშვილი: “ნაკრებში, როგორც ყოველთვის, დადებითი განწყობაა”

0
63

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. ჩვენმა გუნდმა პოზნანში მეორე ვარჯიში გამართა. ადგილობრივი ლეხის ბაზაზე ჩატარებულ საწვრთნელ პროცესში 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი გველესიანი. სავარჯიშო პროცესს გიორგი ლორია 9 ოქტომბრიდან შეუერთდება.
ნაკრების შეკრების და მოახლოებული მატჩების შესახებ ისაუბრა ზურიკო დავითაშვილმა, რომელმაც სანაკრებო პაუზამდე საფრანგეთის საფრანგეთის ლიგა 1-ის მატჩში თავი ჰეთ-თრიქით გამოიჩინა:
“ორი მნიშვნელოვანი თამაში გვექნება. ნაკრებში, როგორც ყოველთვის, დადებითი განწყობაა და ყველას გვიხარია აქ ჩამოსვლა. იმედი მაქვს, მოახლოებულ მატჩებს ჩვენს სასარგებლოდ დავამთავრებთ.
კლუბში მაღალ დონეზე თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ნაკრებისთვის. განსაკუთრებით შეკრების წინ ეს ძალიან გეხმარება ფსიქოლოგიურად. გოლები მჭირდებოდა პირადად მე და გუნდსაც. გახარებული ვარ და ეს ყველაფერი ახლა სანაკრებო დონეზე უნდა გადმოვიტანო. დარწმუნებული ვარ, ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მინიმუმ შევინარჩუნოთ სექტემბერში ნაჩვენები თამაშის დონე და გავაუმჯობესოთ ის დეტალები, სადაც გარკვეული ხარვეზები გვქონდა”.
ოქტომბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ჩვენი გუნდი ორ შეხვედრას ჩაატარებს. უკრაინის ნაკრებთან მატჩი 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება, ხოლო ალბანეთის წინააღმდეგ ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ითამაშებს. მოახლოებული მატჩებისთვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი);
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), სოლომონ კვერკველია (დინამო თბილისი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია);
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი).