კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 28-ე ტურის ბოლო მატჩში პორტუგალიელი ფრანსისკუ კაშტრუს გაწვრთნილი გორის „დილა“ გიორგი ონიანის დამოძღვრილ „გაგრას“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით დაამარცხა.
მატჩის 34-ე წუთზე ირაკლი იაკობიძემ თავის ნახევარზე ძალიან ცუდად მიიღო ბურთი, რომელიც შემდეგ თავს ზემოთ ტაირელ ვაუტერმა გადაუგდო და გაგრელთა საჯარიმოში შესულმა ნიდერლანდელმა ანგარიში გახსნა – 0;1.
65-ე წუთზე გორელებმა მასპინძლების ნახევარზე კუთხური ჩააწოდეს და მარჯვენა ფლანგიდან გიორგი გაფრინდაშვილმა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც შოთა შეყილაძემ ყველას დაასწრო და ბურთი ბადეში გაგზავნა – 0:2.
მე-80 წუთზე „დილას“ მორიგი შეტევის დროს ფრანგმა ჟან-მარკ ტიბუემ მარცხენა ფლანგიდან პასი მასპინძლების საჯარიმოში გააკეთა და უკრაინელი მეკარე ოლექსანდრ ვორობეის შეცდომის შემდეგ, შორეულ ძელთან მდგომმა ირაკლი ბუღრიძემ ანგარიში სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა – 0:3. 84-ე წუთზე სენეგალლეი იბრაჰიმა დრამე მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და პასი ბუღრიძეს გაუკეთა, რომელიც ბურთი მიწაზე დაუშვებლად ზუსტად დაარტყა – 0:4. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე ვაუტერი „გაგრას“ საჯარიმოში ორ მცველს გაუმკლავდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„დილა“ 55 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა, ხოლო „გაგრა“ 26 ქულით მერვეა.
გაგრა 0:5 დილა
ლაშა თაბაგარი
