„ლევანტე“, რომელშიც გიორგი ქოჩორაშვილი გამოდის, მიმდინარე სეზონში ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში პირველი მატჩი წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, მაგრამ მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ბურთი კარს ააცილა. ის 79-ე წუთზე შეცვალეს.
„სარაგოსადან“ მე-16 წუთზე ანგარიში პენალტიდან სობერონმა გახსნა, ხოლო „ლევანტეს“ ვეტერანმა ლუის მორალესმა საპასუხო ბურთი მე-40 წუთზე გაიტანა. 85-ე წუთზე „სარაგოსას“ ბაჟდარმა მოაგებინა. „ლევანტე“ 11 ქულით 22 გუნდში მე-4 ადგილზეა.
ესტონეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში „ტრანსმა“ სტუმრად „ნომე“ 4:0 დაამარცხა. მატჩის 32-ე წუთზე ზაქარია ბეგლარიშვილის გადაცემით გიორგი კუხიანიძემ თავით ზუსტად დაარტყა და თავისი გუნდი ორი ბურთით დააწინაურა. მან მიმდინარე სეზონში ესტონეთში მე-9 გოლი გაიტანა, ხოლო ბეგლარიშვილმა მე-8 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი
