საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსკაპიტან კახა კალაძეს მიაჩნია, რომ თბილისში გასამართი ლეგენდების მატჩი ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს.
კახა კალაძე: “ამ დონის ფეხბურთელები რომ ჩამოდიან ჩვენს სამშობლოში, ჩვენს ქალაქში, ძალიან სასიამოვნოა. ჩემთვის ორმაგი დატვირთვა აქვს, რადგან ჩემი საკლუბო წარმატება „მილანთან“ ასოცირდება. თუკი საკლუბო დონეზე რამეზე შეიძლება ფეხბურთელმა იოცნებოს, ყველაფერი მოგებული მაქვს, ეს საამაყო და სასიამოვნოა.
კიდევ ერთხელ შევხვდები ჩემს მეგობრებს, ვისთან ერთადაც 10 წელი გავატარე. მეორე მხარეს კი არიან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები და მათ გვერდით თამაში ძალინ მიხარია. ასეთი შეხვედრებით პოპულარიზაცია უნდა მოვახდინოთ ქართული ფეხბურთისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის.
ამას ემატება ჩვენი ეროვნული ნაკრების ძალიან მაგარი თამაში და არნახული წარმატება. მიხარია, რომ ამის შედეგად ბავშვებში კიდევ უფრო დიდი ინტერესია ქართული ფეხბურთის და სპორტის მიმართ. ეს ჩვენი ბიჭების დამსახურებაა და მადლობა მინდა მათ გადავუხადო. იმედია, 21 სექტემბერს ქართველი გულშემატკივარი სტადიონს შეავსებს და თამაშით ისიამოვნებს.
ფიზიკურად როგორ ფორმაში ვარ? 46 წელი პატარა ასაკი არაა. თუმცა, არ ვუჩივი, ყოველდღე ვვარჯიშობ და ვცდილობ, ფორმაში ვიყო. მასტერ ლიგას (ფეხბურთი 7/7-ზე) სისტემატურად ვთამაშობ. შევეცდები, ამ მატჩშიც შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოვავლინო.
ასეთი თამაშები მომავალშიც გაგრძელდება. ამის შესახებ შოთისთან (არველაძე) ვისაუბრე. აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს „ლივერპულთან“ და მადრიდის „რეალთან“. ვისი გულისთვისაც გულშემატკივრები წლების წინ ღამეებს ათენებდნენ, საშუალება ექნებათ, საქართველოში იხილონ”.
საქართველოს ნაკრების და “მილანის” ლეგენდების მატჩი 21 სექტემბერს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება და 19:00 საათზე დაიწყება.
