საქართველოს მოქმედ ჩემპიონ ბათუმის “დინამოსთვის” კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-3 წრე ჯერჯერობით ძალიან ცუდად მიმდინარეობს. ზედიზედ სამი მატჩის ფრედ დასრულების შემდეგ, უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი გუნდი თელავში დამარცხდა.
მატჩის მე-18 წუთზე ბათუმელთა თავდამსხმელი დავით მუჯირი მასპინძლების საჯარიმოში ერთ მცველს გაცდა და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 0:1. 63-ე წუთზე თორნიკე მორჩილაძემ მარჯვენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და “თელავის” კაპიტანმა ანტონ თოლორდავამ თავით სტუმართა კარი აიღო – 1:1. 72-ე წუთზე ნიკოლაი ყიფიანმა “დინამოს” საჯარიმოს მარცხენა კუთხიდან საჯარიმო შეასრულა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა, ხოლო ბათუმელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით დაჩი ცნობილაძემ ისარგებლა, რომელმაც რთული სიტუაციიდან თავისი გუნდი თავურით დააწინაურა – 2:1.
ბათუმის “დინამო” 34 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა, ხოლო სომეხი არმენ ადამიანის გაწვრთნილი “თელავი” 22 ქულით მერვეა.
ლაშა თაბაგარი





