კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა. ლიდერმა გორის დილამ ბოლო წამებზე გაუშვა გამარჯვება ხელიდან და თელავთან ფრედ ითამაშა, ხოლო კოლხეთი 1913-მა გაგრას აჯობა.
“დილა” -“თელავის” მატჩის წინ თავისუფალს ჭიდაობაში ოლიმპიურ ჩემპიონ გენო პეტრიაშვილს ორივე გუნდის ფეხბურთელებმა საპატიო დერეფანი მოუწყვეს, რის შემდეგ გორული კლუბის ხელმძღვანელებმა სამახსოვრო მაისური გადასცეს, რომელსაც “პეტრიაშვილი 2024” აწერია. გორში გამართული შეხვედრის 90 წუთში გოლი არ გასულა, აი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში კი… ჯერ დილა დაწინაურდა. გორეკებმა საჯარიმო დარტყმა შეასრულეს, ბურთი ცოცხალ კედელში მდგომ სიდიკი ტრაორეს ხელზე მოხვდა, არბიტრმა ბაკურ ნინუამაც VAR-ზე გადამოწმების შემდეგ დანიშნა პენალტი. ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა ზუსტად დაარტყა და სეზონში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.
თუმცა 96-ე წუთზე თელავმა გაათანაბრა, კერძოდ, თორნიკე მორჩილაძის პასს მოჰყვა ნიკოლაი ყიფიანის გოლი. ყიფიანმაც პირველი გოლი მიითვალა წლევანდელ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, თუმცა მხოლოდ ახლა, ზაფხულში შეუერთდა გუნდს.
საბოლოოდ 1:1. დილა 6 ქულით უსწრებს ტორპედოს, რომელსაც ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. გორელებისთვის ეს ზედიზედ მე-18 წაუგებელი მატჩი იყო. თელავი კი ბოლოსწინა ადგილზეა.
დილა 1:1 თელავი
ფოთელებმა კვლავ მოიგეს და წაუგებელი მატჩების სერიაც ექვსამდე გაზარდეს. კოლხეთი 1913 მეხუთე ადგილზეა, გაგრა კი მერვეზე დარჩა. 36-ე წუთზე გიორგი აბუაშვილმა დააწინაურა ფოთელები, თანაც მშვენიერი გოლით: შორიდან ძლიერი დარტყმით. ორ წუთში გაგრამ ნოდარ ქავთარაძის ასევე ლამაზი გოლით გაათანაბრა. კარგი მოძრაობა და ძლიერი დარტყმა საჯარიმოს გარედან – 1:1.
გამარჯვების გოლი კი ისევ აბუაშვილის დარტყმას მოჰყვა: გიორგიმ კონტრშეტევისას თორნიკე შეყილაძის პასი გამოიყენა და გამოზომილად გაუშვა ბურთი დაბალ კუთხეში – 2:1. აბუაშვილმა მიმდინარე სეზონში 6 გოლი გაიტანა. ისე, მანამდე ექვსი წუთით ადრეც შეეძლოთ დაწინაურება ფოთელებს, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენეს: ოლეკსანდრ ვორობეიმ აუღო ერეკლე ჯიჯავაძეს.
კოლხეთი 1913 2:1 გაგრა
