ლევან კობიაშვილი: “საუბარი მხოლოდ მეორე იარუსის გამოყენებაზე არასერიოზულია”

0
78

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განმარტა თუ რატომე ვერ ჩაატარებს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B ლიგაში საშინაო მატჩებს “დინამო არენაზე”.
ლევან კობიაშვილი: “”როდესაც ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია სტადიონის ადმინისტრაციასთან, მათგან მივიღეთ როგორც წერილობითი, ასევე სიტყვიერად დასტური, რომ ამ წუთისთვის მათ არ შეუძლიათ სრული ტევადობით მოგვცენ სტადიონი.
ეს არის ოფიციალური თამაში, რომელიც ტარდება უეფას ეგიდით, შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ უეფას უნდა ჰქონდეს ყველანაირი დოკუმენტი, უნდა ჰქონდეს ინფორმაცია სტადიონთან დაკავშირებით, რამდენად უსაფრთხოა ეს ყველაფერი.
ადმინისტრაციის მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციიდან ეს ყველაფერი არ ჩანს. ცხადია, ეს პრობლემააა. საუბარი იმაზე, რომ მხოლოდ მეორე იარუსი გამოვიყენოთ, არასერიოზულია.
არა მგონი, რომ იმ მცირე ჯგუფს, რომელიც ამ თემაზე სპეკულირებს, საერთოდ ან ფეხბურთი აინტერესებდეს ჩვენ ქვეყანაში, ან ხალხი და ზოგადად რამე, ამიტომ მათ თავიანთი დღის წესრიგი აქვთ, რაც სამწუხაროა.
თუმცა, კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ სტადიონის ადმინისტრაციიდან მოვიდა ჩვენთან წერილი და, ასევე, სიტყვიერად გვქონდა მათთან საუბარი, თუმცა არსებობს წერილი, სადაც ადმინისტრაცია საუბრობს ამ პრობლემასთან დაკავშირებით.
შესაბამისად, თუ რამე სხვა წერილი აქვს ადმინისტრაციას მიცემული ტელევიზიისთვის – ჩვენთვის ეს უცნობია. ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ ის, რომ არსებობს წერილი, რომელიც გამოგვიგზავნა ადმინისტრაციამ, სადაც საუბარია იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია – პირველ იარუსთან დაკავშირებით”.
7 სექტემბერს ერთა ლიგის B ლიგის პირველი ტურის მატჩი საქართველოსა და ჩეხეთს შორის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
პირველი ტურის მსგავსად, 14 ოქტომბერს საქართველო-ალბანეთის მატჩი, მესხის სტადიონზე გაიმართება. 16 ნოემბერს კი, საქართველო-უკრაინის თამაში ბათუმის აჭარაბეთ არენაზე შედგება.
ლაშა თაბაგარი